23 თებერვალი 2020,   01:26
ვრცლად
ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის გარეშე დარჩენილი ათასობით მოქალაქე - რა პრობლემები შექმნა დიდთოვლობამ საქართველოში

მაღალმთიან აჭარაში დიდთოვლობამ პრობლემები შექმნა. ცენტრალური ავტომაგისტრალის ქედის მონაკვეთზე მეწყერი ჩამოწვა. საავტომობილო მიმოსვლა შეწყდა და ქარბუქის გამო ხილვადობამ იკლო. მუნიციპალიტეტში ამ დრომდე გადაუღებლად თოვს. თოვლის საფარი 2 მეტრს აღწევს. ჩაკეტილია შიდა სასოფლო გზები. 4 სოფელს ელექტროენერგია არ მიეწოდება. უხვი ნალექის გამო მეორე დღეა შეწყვეტილია სასწავლო პროცესი მაღალმთიანი აჭარის სკოლებსა და ბაღებში.

მთელი ღამის განმავლობაში თოვდა ქუთაისშიც, რის გამოც გზებზე გადაადგილების პრობლემა შეიქმნა. ქუთაისში მოსახლეობის ნაწილს ბუნებრივი აირი ისევ არ მიეწოდება. კომპანიის დაპირების მიუხედავად, 10 000 აბონენტი დღესაც ბუნებრივი აირის გარეშეა დარჩენილი. მოსახლეობა სიცივეს საკუთარი ძალებით უმკლავდება.

თოვლმა პრობლემები შექმნა ტყიბულშიც. ელექტროგადამცემი ხაზების დაზიანებების გამო დენი 3 500-მდე აბონენტს არ მიეწოდება. დენის გარეშე 5 სოფელია დარჩენილი.

კომპანია "ენერგო-პრო ჯორჯიას" წარმომადგენლები ამბობენ, რომ ელექტრომომარაგების აღდგენის მიზნით ტექნიკური სამსახური საგანგებო რეჟიმში მუშაობს.

თოვლის საფარმა ნახევარ მეტრს მიაღწია სამეგრელოს მაღალმთიან სოფლებში. დიდთოვლობის გამო წალენჯიხის მოსახლეობას ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდა.

ინტენსიური თოვის გამო რიკოთის უღელტეხილზე სატვირთო ავტომანქანებისთვის მოძრაობა დღის 3 საათამდე იყო შეზღუდული. ავტომაგისტრალზე ახლა ნალექი მცირეა, თუმცა საგზაო დეპარტამენტში ამბობენ, რომ ამინდის გაუარესების შემთხვევაში უღელტეხილზე ყველა სახის ავტოტრანსპორტისთვის მოძრაობა შეიზღუდება.

ავტოტრანსპორტის მოძრაობა უკვე აღდგენილია ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის მონაკვეთზე. თავისუფალია გუდაური-კობის გზაც, სადაც მოძრაობა  მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით არის შესაძლებელი.

დღის ამბები