23 თებერვალი 2020,   03:07
ვრცლად
არასრულწლოვნის გატაცება მარნეულში - 17 წლის გოგოს ადგილსამყოფელი რამდენიმე საათია დაუდგენელია

არასრულწლოვანი გოგონას მშობლები და ახლობლები, რომლის ადგილსამყოფელი უკვე რამდენიმე საათია დაუდგენელია, მარნეულის პოლიციასთან ერთადერთი მოთხოვნით შეიკრიბნენ. მათ სამართალდამცველებს ულტიმატუმი წაუყენეს და გატაცებული მოზარდის დროულად გათავისუფლება მოითხოვეს.

მარნეულის ცენტრიდან არასრულწლოვანი გოგონა იმ დროს გაიტაცეს, როდესაც მოსამზადებელ კურსზე ერთ-ერთ რეპეტიტორთან მიდიოდა. შემთხვევის დროს 17 წლის მოზარდი ორ თანატოლთან ერთად იმყოფებოდა. თვითმხილველები ყვებიან, რომ 4 ახალგაზრდა მამაკაცი მათ თავს მოულოდნელად დაესხა და გოგონა ძალის გამოყენებით ავტომობილში ჩასვეს.

შემთხვევა სპორტულ ცენტრ "ატა ჰოლდინგის" მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. ირგვლივ რამდენიმე გარესათვალთვალო კამერაა და შესაბამისად, სავარაუდო დანაშაულის ჩანაწერებიც არსებობს. პოლიციის განყოფილებაში უკვე გამოიკითხა მოზარდის მამა. მისი თქმით, თუ პოლიცია სავარაუდო დამნაშავეების იდენტიფიცირებას და მათ დასჯას დროულად არ უზრუნველყოფს, თავისუფლების აღკვეთაში მონაწილე პირებს საკუთარი ძალებით დასჯის.

იმ პირებიდან, რომლებიც გოგონას გატაცების საქმეში ფიგურირებენ, ერთ-ერთი არასრულწლოვნის მეგობრებმა იცნეს. მათი ინფორმაციით, გოგონასა და სავარაუდო დამნაშავეს კარგი ურთიერთობა არ ჰქონდათ და ისინი ხშირად კამათობდნენ. როგორც გატაცებულის დეიდა "კურიერთან" ყვება, ამ პირის შესახებ მოზარდმა საქმის კურსში მშობლებიც ჩააყენა.

საქმეში მალევე ჩაერთო სახალხო დამცველი. ნინო ლომჯარია მარნეულში პირადად ჩავიდა. გაესაუბრა გატაცებული მოზარდის მშობლებს და საქმის გარემოებების შესახებ დეტალური ინფორმაცია სამართალდამცველებისგანაც მიიღო.

გოგონა, რომელსაც ოჯახი უკვე 4 საათზე მეტია ეძებს, სოფელ ბაიდარიდანაა. მის საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით მიმდინარეობს. 

დღის ამბები