23 თებერვალი 2020,   02:56
ვრცლად
ხორვატია მნიშვნელობას ანიჭებს ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოსთან თანამშრომლობას   

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა მიუნხენის კონფერენციის ფარგლებში შეხვედრა გამართა ხორვატიის საგარეო და ევროპის საქმეთა მინისტრთან გირდან გრილჩ რადმანთან. მინისტრებმა განსაკუთრებით აღნიშნეს საქართველოს და ხორვატიის წარმატებული თანამშრონლობა ევროპული  და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე. დავით ზალკალიანმა მადლობა გადაუხადა კოლეგას საქართველოს პრაქტიკული დახმარებისთვის ევროკავშირის სტანდარტებთან ქართული ინსტიტუციების დაახლოებისა და ევროკავშირის პროექტებში მონაწილეობისთვის. 

განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ევროკავშირის საბჭოში ხორვატიის მომავალ თავმჯდომარეობაზე. ხორვატიამ დაადასტურა, რომ მისი თავმჯდომარეობის პერიოდში აღმოსავლეთ პარტნიორობა პრიორიტეტი იქნება, მათ შორის საქართველო, რომელიც გახლავთ ამ ფორმატის წარმატებული მაგალითი. ხორვატმა კოლეგამ დავით ზალკალიანს გააცნო ის ძირითადი ღონისძიებები, რომლებსაც ხორვატია თავმჯდომარეობის პერიოდში ჩაატარებს. გირდან გრილჩ რადმანმა მაღალი შეფასება მისცა საქართველოს ნატოში გაწევრიანების დღის წესრიგს და ქვეყნის წარმატებას ამ გზაზე. ხაზი გაესვა საქართველოს, როგორც ნატოს სანდო და მნიშვნელოვან პარტნიორს რეგიონში უსაფრთხოების უზრუნველყოფის კუთხით. 

მინისტრებმა მიმოიხილეს ორმხრივი ურთიერთობის განვითარების სხვადასხვა მიმართულება,  აღნიშნეს სექტორული თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობა. ხორვატიამ ინტერესი გამოხატა გააღრმავოს ურთიერთობები ეკონომიკისა და ვაჭრობის სფეროში, რის საფუძველსაც იძლევა საქართველოს წარმატებული რეფორმები ეკონომიკის მიმართულებით და ქვეყნის საინვესტიციო და სატრანზიტო პოტენციალი.
რეგიონში უსაფრთხოების გარემოზე საუბრისას შეშფოთება გამოითქვა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილი მდგომარეობის გამო. მინისტრმა კოლეგას გააცნო საქარველოს სამშვიდობო პოლიტიკა, ამ მხრივ მიმდინარე საქმიანობა და მადლობა გადაუხადა ხორვატიას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის.

 

დღის ამბები