26 თებერვალი 2020,   01:44
ვრცლად
"მასხარა ხაბეიშვილის ჩვენების საფუძველზე ყველა გამოძახებული ვიყავით" - ირაკლი ზარქუა

საკრებულოში მომხდარი ინციდენტის გამოძიების ფარგლებში, ძველი თბილისის სამმართველოში "ქართული ოცნების" დეპუტატები იმყოფებოდნენ. თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის, ირაკლი ზარქუას განცხადებით, გამოძიებასთან ითანამშრომლებს, თუმცა მომხდარ ინციდენტში თავს დამნაშავედ არ თვლის.

"როცა გადიოდა კორიდორში, სადაც მე ვიდექი, ის მე თავს დამესხა პირადად. მე კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ჩვენ ამ მასხარის, ხაბეიშვილის ჩვენების საფუძველზე, ყველა გამოძახებული ვიყავით, მათ შორის მეც. ფაქტთან დაკავშირებით ჩვენება და ახსნა-განმარტება მივეცი და მოგვიწია ახსნა და ექსპერტიზაზე სიარული, თუ რა დაზიანება მივიღეთ. ეს არის მეათეხარისხოვანი. ორმაგი სტანდარტით არ უნდა იყო. ის, რაც მოხდა გარკვეული შელაპარაკება და ფიზიკური დაპირისპირება, კიდევ ერთხელ მიუღებელია, მაგრამ ისევე, როგორც მიუღებელი უნდა იყოს ჩემზე თავდასხმა," - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

24 იანვარს საკრებულოს სპორტის, განათლებისა და სარევიზიო კომისიის გაერთიანებულ სხდომაზე სიტყვიერი კამათი ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რა დროსაც საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ლევან ხაბეიშვილს სცემეს.  ხაბეიშვილმა თავის არეში მძიმე დაზიანებები მიიღო.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ დეპუტატის ცემის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.

დღის ამბები