19 თებერვალი 2020,   07:25
ვრცლად
ქუთაისის საკრებულოს "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, ქალაქში ტრანსპორტის საფასურის მოსალოდნელ გაძვირებაზე საუბრობს

ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე,  ქალაქში ტრანსპორტის საფასურის მოსალოდნელ გაძვირებაზე საუბრობს.

გიგა შუშანიას განცხადებით, ამ პროცესს რეალურად, ახალი ტრანსპორტის შემოყვანასთან კავშირი არ აქვს და დამატებითი თანხების მობილიზება "ქართული ოცნების" კოორდინატორებისათვის ხელფასების გადახდას და საარჩევნოდ რესურსის მობილიზებას ემსახურება.

"ქუთაისი მერიამ ახალი სატრანსპორტო კომპანია შექმნა, სადაც საკუთარი პარტიული აქტივისტების დასაქმებას აპირებენ. სწორედ ამ ადამიანების მომსახურებაზე და ანაზღაურებაზე არის საჭირო ტარიფის ზრდა. თორემ, ლოგიკურად ეს ახალი ავტობუსების შეძენასთან არაფერ კავშირში არ არის, რადგან ისინი სესხით არის შეძენილი," - განაცხადა ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, გიგა შუშანიამ. 

ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ტრანსპორტის განყოფილების ხელმძღვანელის განცხადებით კი, ჯერ არცერთი შტატი არ შექმნილა, ტარიფზე წინასწარ მსჯელობას კი ნაადრევად მიიჩნევს

"დღეის მდგომარეობით ავტობუსებიც არ არის შემოსული და ეს რამდენიმე ხნის შემდეგ მოხდება. ამ ხნის განმავლობაში ჩვენ, რომ წინასწარ გადავწყვიტოთ ტარიფი მოიმატებს თუ არა, არამგონია სწორი იყოს. რაც შეეხება პარტიული აქტივიდან გამომდინარე შტატების დამტკიცებას, ჯერ არცერთი შტატი არ არის დამტკიცებული და ცოტა გაურკვევლად მეჩვენება ადამიანების დასაქმება ან არ დასაქმება პარტიული მდგომარეობიდან გამომდინარე," - განაცხადა ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ტრანსპორტის განყოფილების ხელმძღვანელმა, ირაკლი ცხვედიანმა. 

დღის ამბები