19 თებერვალი 2020,   07:24
ვრცლად
ომბუდსმენის ვიზიტი "მატროსოვის ციხეში" - მმართველი გუნდი ინფორმაციის გამჟღავნებაში კანონდარღვევას ვერ ხედავს

დაიწყება თუ არა გამოძიება სახალხო დამცველის მატროსოვის ციხეში ვიზიტთან დაკავშირებით, ჯერჯერობით უცნობია. უწყება, რომელსაც ლომჯარია კონფიდენციალური ინფორმაციის გამჟღავნებაში ადანაშაულებს, აცხადებს, რომ კანონი არ დაურღვევია. ომბუდსმენი კი საგამოძიებო უწყებების პირველი პირებისგან რეაგირებას ითხოვს.

საკითხთან დაკავშირებით კეთდება პოლიტიკური შეფასებები, როგორც ოპოზიციაში, ასევე მმართველ გუნდში. ხელისუფლების ოპონენტები სახალხო დამცველზე განხორციელებულ ზეწოლაზე საუბრობენ და იუსტიციის უწყების ხელმძღვანელს კანონდარღვევაში ადანაშაულებენ:

"ესაა პირდაპირი კანონდარღვევა, ესაა ხელის შეშლა ომბუდსმენის საქმიანობაში, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ქალბატონი წულუკიანი ასეთ საქმეებში არის გარეული ძალიან შორს რომ აღარ წავიდეთ ჩვენ გვახსოვს რომ პარლამენტს და მთლიანად საქართველოს ანახა ომბუდსმენის აპარატის თანამშრომლის და პატიმრის საუბარი," - განაცხადა "ევროპული საქართველოს" წევრმა ლევან თარხნიშვილმა.

გამოძიების დაწყებასთან დაკავშირებით სახალხო დამცველის მოთხოვნას მხარს უჭერს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ლევან ბეჟაშვილი, თუმცა ამბობს, რომ არსებული სამართალდამცავი სისტემა ერთი ადამიანის მსახურებაში იმყოფება და ნდობა დაკარგული აქვს:

"სახალხო დამცველის მოთხოვნა- დაიწყოს გამოძიება და გამოვლინდნენ დამნაშავე პირები, ცალსახად სამართლიანი და მართლზომიერია, მაგრამ სხვა რეალობაა დღეს ქვეყანაში შექმნილი როცა არც საზოგადოებას, არც სახელმწიფო უწყებებს, არც პოლიტიკურ პარტიებს , არანაირი ნდობა არ აქვთ არსებული სამართალდამცავი სისტემის მიმართ, რომელიც ცალსახად ჩამოყალიბდა, როგორც ერთი ადამიანის მსახურებაში მყოფი," - განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

კანონდარღვევაზე საუბარს უაზროს უწოდებს მმართველი გუნდის წევრი ირაკლი მეზურნიშვილი:

"არანაირი კანონი არ იქნა დარღვეული და წარმოუდგენელია საერთოდ, ჩვენ რომ ვსაუბრობთ,ომბუდსმენი შევიდა ციხეში, მოინახულა პატიმარი და ეს ინფორმაცია იყოს რაღაცნაირად კონფიდენციალური და ამის არგასაჯაროება ან პრესასთან არმიცემა რაღაცა  კანონის დარღვევასთან იყოს დაკავშირებული, ეს არის აბსოლუტური ნონსენსი,"- აცხადებს მეზურნიშვილი.

23 იანვარს  ნინო ლომჯარიამ ე.წ მატროსოვის ციხეში პატიმრები მოინახულა, მათ შორის ირაკლი ოქრუაშვილი და ვანო მერაბიშვილი. ნინო ლომჯარიას თქმით, იმის მიუხედავად რომ შეხვედრა კონფიდენციალური იყო, წულუკიანის უწყებამ შეხვედრის დეტალები მაინც გაასაჯაროვა, რაც კანონდარღვევაა.

 

ავტორი: ლელა ჯავახიშვილი

დღის ამბები