26 თებერვალი 2020,   02:03
ვრცლად
ხაბეიშვილის გამოკითხვა დასრულდა - ნაცემ დეპუტატს ექსპერტიზა ჩაუტარდება

საკრებულოში მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებასთან დაკავშირებით ოპოზიციონერი დეპუტატის ლევან ხაბეიშვილის გამოკითხვა დასრულდა. სწორედ ხაბეიშვილმა მიიღო დაზიანებები გუშინ საკრებულოს ერთ-ერთი კომისიის სხდომაზე ჩხუბის დროს, როდესაც მას მმართველი გუნდის რამდენიმე წევრი დაუპირისპირდა.

ხაბეიშვილს სამართლიანი გამოძიების იმედი არ აქვს, თუმცა აცხადებს, რომ სურს შეიქმნას დოკუმენტაცია, რომლის საფუძველზეც, შემდგომში როდესაც საგამოძიებო ორგანოები და სასამართლო, ხელისუფლების გავლენებისგან გათავისუფლდება, დამნაშავეები პასუხს აგებენ.

"სამართლებრივად გამოძიება დაწყებულია, გამოძიებას რა თქმა უნდა ჩვენება მივეცი, მაგრამ ახალს ვერაფერს ვეტყოდი, გარდა იმისა, რაც საზოგადოებამ, ჟურნალისტებმა, ყველამ ერთად ნახეთ. ეს ყველაფერი დევს ზედაპირზე, გამოსაძიებელი ფაქტობრივად არაფერია, ექსპერტიზა დანიშნა გამოძიებამ, ამასაც როგორც კანონმორჩილი ადამიანი ჩავიტარებ.  იქმნება დოკუმენტაცია, რომ შემდგომში, როცა თავისუფალი იქნება პროკურატურაც, პოლიციაც, სასამართლოც, ამ ადამიანებმა კანონის წინაშე აგონ პასუხი და აღარასდროს არავინ არ წაახალისოს ამ ქვეყანაში ძალადობა," - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

ხაბეიშვილის უფლებადამცველის გიორგი კონდახიშვილის თქმით, ახლა არიან მოლოდინის რეჟიმში იმასთან დაკავშირებით, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებენ საგამოძიებო ორგანოები.  მისი თქმით, არჩევანი ორია ან პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღება და დამნაშავეების დაუსჯელად დატოვება, ან კანონის შესაბამისად მოქმედება:

"მრავლობითი დაზიანებები აქვს თავის, ტანის და ფეხის არეში ლევანს, დაინიშნა ექსპერტიზა და ჩაუტარდება დღეს. ფაქტობრივად ვართ მოლოდინში, მიიღებენ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას და არ დასჯიან მათი გუნდის წევრებს თუ კანონის შესაბამისად ბრალდების ნაწილში დაადგენენ პასუხისმგებლობას. იმედი გვაქვს შერჩევითი სამართალი არ იქნება," - განაცხადა ადვოკატმა გიორგი კონდახიშვილმა.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი ირაკლი ნადირაძე მიიჩნევს, რომ ლევან ხაბეიშვილზე თავდასხმა კალაძის, ივანიშვილისა და "ქართული ოცნების" კორუფციასთან, მის აქტიურ ბრძოლას უკავშირდება:

"ლევანი ყველაზე აქტიურად ებრძვის ამ ქვეყანაში კახა კალაძის, ბიძინა ივანიშვილისა და "ქართული ოცნების" კორუფციას. ლევან ხაბეიშვილს ამით არაფერი დააკლდა, პირიქით, ნახეთ თქვენც, როგორ აქტიურად და მხნედ არის. ის ათმაგი ძალებით გააგრძელებს ბრძოლას. თუმცა, გამოძიების იმედი ნამდვილად არ გვაქვს, მაგრამ იყოს ეს საქმეები ასე, რადგან ძალიან მალე დამთავრდება ივანიშვილის რეჟიმი და ყველა ის ადამიანი, რომელიც თითით ოდნავ მაინც შეეხო ლევან ხაბეიშვილს," - განაცხადა თბილისის საკრებულოს ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ირაკლი ნადირაძემ.

დღის ამბები