26 თებერვალი 2020,   01:54
ვრცლად
დამანგრეველი მიწისძვრა თურქეთში - დაღუპულთა რიცხვი 22-მდე გაიზარდა

თურქეთში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის შემდეგ ქვეყნის პრეზიდენტმა სტიქიის ზონაში სამხედრო ვერტმფრენები და დამატებითი სამაშველო ძალები გაგზავნა. ასობით მაშველი ამ დრომდე ტრაგედიის ადგილზე ნანგრევებში მოყოლილ ათობით ადამიანს ეძებს.

"მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 22-მდე გაიზარდა. მაშველებმა ნანგრევებიდან 39 ადამიანის გადარჩენა მოახერხეს. მოვუწოდებ მედიას მიწისძვრასთან დაკავშირებით ყალბი ინფორმაციის გავრცელებისგან თავი შეიკავოს," - ამბობს თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრი სულეიმან სოილუ.

6.8 მეათედი მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისქვეშა ბიძგები თურქეთის აღმოსავლეთ ნაწილში ქალაქ სივრიჯის მახლობლად ადგილობრივი დროით საღამოს 9 საათზე დაფიქსირდა. ბოლო მონაცემებით, სტიქიას ოცზე მეტია ადამიანი ემსხვერპლა და 1000-ზე მეტი დაშავდა. დაშავებულები სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა სტიქიის ეპიცენტრის ახლოს მდებარე ქალაქების სამედიცინო დაწესებულებებში გადაიყვანეს. ასობით ადამიანი მძიმე დაზიანებებით მკურნალობას ამ დრომდე რეანიმაციულ განყოფილებაში გადის.

მიწისძვრის ეპიცენტრი ელაზიღის პროვინცია იყო, რომელიც დედაქალაქ ანკარადან 550 კილომეტრში მდებარეობს. დამანგრეველი ბიძგების შემდეგ სტიქიის ეპიცენტრში 200-ზე მეტი განმეორებითი ბიძგები დაფიქსირდა, რამაც პირველი მიწისძვრის შემდეგ, დაზიანებული შენობების ნგრევა გამოიწვია. განსაკუთრებულად დაზარალდა თურქეთის ორი რეგიონი - ელაზიღი და მალათაი. სტიქიის გამო, მოსახლეობას ღამის გათევა ღია ცის ქვეშ მოუწია.

"როცა მიწისძვრა მოხდა სახლში ვიყავით. თავიდან მიწისქვეშა ბიძგები ინტენსიური იყო, შემდეგ ყველამ სახლები დავტოვეთ," - აცხადებს ადგილობრივი.

თურქეთს სოლიდარობა გამოუცხადა ევროკავშირის დელეგაციამ თურქეთში, უკრაინამ, ლიეტუვამ, ირანმა, მალაიზიამ და პაკისტანმა. საბერძნეთის პრემიერმა კი, რეჯეფ თაიფ ერდოღანს დახმარება შესთავაზა.

"მთელი გულით ვუცხადებ თანადგომას დამანგრეველი მიწისძვრის შემდეგ პრეზიდენტ ერდოღანსა და თურქ ხალხს. ჩვენი სამძებრო და სამაშველო ჯგუფები მზად არიან თქვენს დასახმარებლად," -განაცხადა საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა.

"მწუხარებას გამოვთქვამ თურქეთში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის გამო . ყველა დაშავებულს სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ. სოლიდარობას ვუცხადებ თურქ ხალხს ამ რთულ დროს," - აღნიშნა ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა,ლინას ლინკევიჩუსმა.

"ძალიან ვწუხვარ ჩვენი პარტნიორისა და მეგობრის თურქეთის შესახებ. დამანგრეველმა მიწისძვრამ ელაზიღში ბევრი ადამიანი იმსხვერპლა. ასეთ რთულ დროს უკრაინა დგას თურქეთის გვერდზე და ლოცულობს დაზარალებულებისთვის," -ასე გამოეხმაურა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, ვადიმ პრისტაიკო თურქეთში მომხდარ მიწისძვრას.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინსიტროს ინფორმაციით კი, დაღუპულთა და დაშავებულთა შორის საქართველოს მოქალაქეები არ არიან. დიპლომატიურმა უწყებამ მომხდარი ტრაგედიის გამო, მწუხარება გამოთქვა და დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადა.

"გვინდა გამოვხატოთ ჩვენი უზარმაზარი თანაგრძნობა და მწუხარება თურქეთში მომხდარ ტრაგიკულ მიწისძვრასთან დაკავშირებით. სრულ სოლიდარობას ვუცხადებთ ჩვენს ახლო მოკავშირეს და მეგობარს. ვიზიარებთ თურქი ხალხისა და განსაკუთრებით დაზარალებულთა ოჯახების მწუხარებას და ვუსურვებთ ყველა დაშავებულს სწრაფ გამოჯანმრთელებას," - წერია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინსიტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სეისმოლოგიური ცენტრის განცხადებით, მიწისქვეშა ბიძგები იგრძნობოდა კვიპროსზე, ლიბანსა და ირანში. სტიქიის ზონაში ამ დრომდე მაშველები, სასწრაფო სამედიცონო დახმარებისა და ჰუმანიტარული ორგანიზაციების წარმომადგენლები მუშაობენ.

 

 

დღის ამბები