26 თებერვალი 2020,   02:00
ვრცლად
20 დაღუპული, ათასზე მეტი დაშავებული - თურქეთში, მიწისძვრით დანგრეული ზონაში მაშველები სამძებრო სამუშაოებს განაგრძობენ

20 დაღუპული, ათასზე მეტი დაშავებული და დანგრეული შენობები - თურქეთი დამანგრეველი მიწისძვრის შედეგებს ითვლის.

6.8 მეათედი მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისქვეშა ბიძგები თურქეთის აღმოსავლეთ ნაწილში ქალაქ სივრიჯის მახლობლად ადგილობრივი დროით, საღამოს 9 საათზე დაფიქსირდა. დაშავებულები სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა სტიქიის ეპიცენტრის ახლოს მდებარე ქალაქების სამედიცინო დაწესებულებებში გადაიყვანეს. ასობით ადამიანი მძიმე დაზიანებებით მკურნალობას ამ დრომდე რეანიმაციულ განყოფილებებში გადის.

მიწისძვრის ეპიცენტრი ელაზიღის პროვინცია იყო, რომელიც დედაქალაქ ანკარადან 550 კილომეტრში მდებარეობს. დამანგრეველი ბიძგების შემდეგ, სტიქიის ეპიცენტრში 90-ზე მეტი განმეორებითი ბიძგები დაფიქსირდა, რამაც პირველი მიწისძვრის შემდეგ, დაზიანებული შენობების ნგრევა გამოიწვია. განსაკუთრებულად თურქეთის ორი რეგიონი დაზარალდა - ელაზიღი და მალათაი. სტიქიის გამო მოსახლეობას ღამის გათევა ღია ცის ქვეშ მოუწია.

"ჩვენი სახლები დაინგრა, ვერსად მივდივართ, მიწისძვრის გამო ბევრი ადამიანი დაიღუპა. იმედი მაქვს ღმერთი დაგვეხმარება და მოთმინებას მოგვცემს. ოჯახები აქ შევიკრიბეთ, ღამის გათენება ცეცხლთან მოგვიწევს," - ამბობს ადგილობრივი. 

სტიქიური უბედურების ზონაში უკვე იმყოფებოდნენ თურქეთის გარემოს დაცვის, ჯანდაცვისა და შინაგან საქმეთა მინისტრები. სამაშველო სამსახურში აცახდებენ, რომ შენობის ნანგრევებში ათეულობით ადამიანს ამ დრომდე ეძებენ.

თურქეთში მომხდარ ტრაგედიას სოციალური ქსელით ეხმაურება ქვეყნის პრეზიდენტი. რეჯეფ თაიფ ერდოღანი წერს, რომ შესაბამისი უწყებები ყველა ზომას იღებენ, რომ მოქალაქეების უსაფრთხოება უზრუნველყონ.

"როგორც თურქეთის პრეზიდენტმა, მინდა იცოდეთ, რომ მჭიდროდ ვმუშაობთ. ჩვენ ჩვენი ერის გვერდით ვართ ჩვენ ყველა ინსტიტუტთან და ორგანიზაციასთან ერთად. უფალს ვავედრებ ჩვენს ძმებს, რომლებმაც სიცოცხლე დაკარგეს მიწისძვრის შედეგად და დაუყოვნებლივ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ დაშავებულებს,"- წერს თურქეთის პრეზიდენტი.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინსიტროს ინფორმაციით დაღუპულთა და დაშავებულთა შორის საქართველოს მოქალაქეები არ არიან. დიპლომატიურმა უწყებამ მომხდარი ტრაგედიის გამო, მწუხარება გამოთქვა და დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარი განუცხადა.

"გვინდა გამოვხატოთ ჩვენი უზარმაზარი თანაგრძნობა და მწუხარება თურქეთში მომხდარ ტრაგიკულ მიწისძვრასთან დაკავშირებით. სრულ სოლიდარობას ვუცხადებთ ჩვენს ახლო მოკავშირეს და მეგობარს. ვიზიარებთ თურქი ხალხისა და განსაკუთრებით დაზარალებულთა ოჯახების მწუხარებას და ვუსურვებთ ყველა დაშავებულს სწრაფ გამოჯანმრთელებას," - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო.

სეისმოლოგიური ცენტრის განცხადებით მიწისქვეშა ბიძგები იგრძნობოდა კვიპროსზე, ლიბანსა და ისრაელში. სტიქიის ზონაში ამ დრომდე მაშველები, სასწრაფო სამედიცონო დახმარებისა და ჰუმანიტარული ორგანიზაციების წარმომადგენლები მუშაობენ.

დღის ამბები