19 თებერვალი 2020,   01:53
ვრცლად
NGO-ების ნაწილი ხელისუფლებას ნინო ლომჯარიას წინააღმდეგ მიზანმიმართულ კამპანიაში ადანაშაულებს

არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი ხელისუფლებას ნინო ლომჯარიას წინააღმდეგ მიზანმიმართულ კამპანიაში ადანაშაულებს. მათი თქმით, ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები ცხადყოფს, რომ ომბუდსენის ინსტიტუტსა და კონკრეტულ უწყებებს შორის დაპირისპირება მწვავდება. "საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის" თავმჯდომარე გიორგი მშვენიერაძე აცხადებს, რომ იუსტიციის უწყებამ სისიხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაული ჩაიდინა:

"ეს არის კანონდარღვევით მოქმედება, რასაც აკეთებს იუსტიციის სამინისტრო და ამას აკეთებს მიზანმიმართულად, რაც ბუნებრივია ემსახურება სახალხო დამცველზე ზემოქმედების მიზანს. ის რომ სახალხო დამცველის შეხვედრები პატიმართან არის კონფიდენციალური, ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ კარგად არის ცნობილი თავად იუსტიციის მინისტრისთვის. ეს ყველაფერი ფაქტია რომ მიზანმიმართულია სახალხო დამცველზე ზემოქმედებისკენ, რაც არის სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაული,- განაცხადა გიორგი მშვენიერაძემ.

ანალიტიკოსი ლევან ნიკოლეიშვილი ვერ ხედავს პრობლემას, რომ სახალხო დამცველის, როგორც საჯარო მოხელის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში სტუმრობის ფაქტის შესახებ გავრცელდა ინფორმაცია  და არ გასაჯაროვებულა ამ შეხვედრების დეტალები:

"2019 წელს საერთოდ არ უნახავს არცერთი პატიმარი პენიტენციურ სისტემაში და მას შემდეგ რაც მან განახორციელა ვიზიტი და ნახა მხოლოდ ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები, ანუ შერჩევითი ვიზიტი განახორციელა, ამის შემდეგ უბრალოდ პენიტენციური სამსახურის წარმომადგენლებმა გაასაჯაროვეს და თქვეს ვისთან იმყოფებოდა, რა არის აქ , რაც იწვევს მის დაჩაგვრას?  გამორიცხული რაღაცაა," - აცხადებს ანალიტიკოსი ლევან ნიკოლეიშვილი.

 

ავტორი: ლელა ჯავახიშვილი

დღის ამბები