19 თებერვალი 2020,   07:13
ვრცლად
საქალაქო სამსახურების სსიპებად გარდაქმნა - საკრებულოში ხმაურიან სხდომას ელოდებიან

საკრებულოს დღევანდელი სხდომა, რომელზეც ურბანული და სატრანსპორტო სამსახურის სსიპებად გარდაქმნა უნდა განიხილონ, სავარაუდოდ ხმაურიანი იქნება. ოპოზიცია აღნიშნულ გადაწყვეტილებას ეწინააღმდეგება. "ნაციონალურ მოძრაობაში" ამტკიცებენ, რომ ამის მიზეზი თბილისის მერის სურვილია, ამ სამსახურებთან მიმართებაში გადაწყვეტილებები ერთპიროვნულად მიიღოს.

"კალაძე ვარაუდობს, რომ საკრებულოში შესაძლოა გუნდი დაეშალოს "ქართული ოცნების" უმრავლესობას და ამიტომ გადაწყვიტა საქალაქო სამსახურების გაუქმება და სიპებად გადაკეთება. მარტივი რამის გამო, რომ როგორც თავად უნდა, ერთპიროვნულად დანიშნოს სატრანსპორტო სამსახურის უფროსიც და ურბანულისაც,"- განაცხადა "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ლევან ხაბეიშვილმა.

ცვლილების სხვა მიზეზებს ასახელებს უმრავლესობა.

"ამ ორი სამსახურის ე.წ. სსიპებად ჩამოყალიბება, ეს არის უკეთესი მენეჯმენტისთვის, ეს არის იმისთვის, რომ პროფესიონალი კადრები შევინარჩუნოთ და კონკურენცია გავუწიოთ კერძო სექტორს,"- აცხადებს თბილისის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარე ლევან ჟორჟოლიანი.

საკრებულოს სხდომაზე ოპოზიცია დღესვე შეეცდება მიიღოს პასუხი, თუ რატომ ვერ დასრულდა აქამდე კიკვიძის ბაღის რეაბილიტაციის 4 მილიონიანი პროექტი და სარევიზიო კომისიისგან მოითხოვს იტალიური სკამების ტენდერის საქმის შესწავლას. ლევან ჟორჟოლიანმა კომენტარი ამ საკითხებთან დაკავშირებითაც გააკეთა:

"გვინდა რომ ყველაფერი იყოს იდეალურთან მიახლოებული, ჩვენ შევაჩერეთ ეს პროცესი იქიდან გამომდინარე, რომ ანტივანდალური უზრუნველყოფა ქონდეს ამ სკამებს, რაც შეეხება კიკვიძის ბაღს, კონტრაქტორი ჯარიმებზეა გაშვებული, მასთან ვადა არ არის გახანგრძლივებული, თუ კვლავ გააგრძელებს ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობას და დარღვევას, მოხდება ხელშეკრულების შეწყვეტა," - აღნიშნა ჟორჟოლიანმა.

დღის ამბები