19 თებერვალი 2020,   02:04
ვრცლად
ბრძოლა ლუდომანიის წინააღმდეგ - სტრატეგიის ანალიზის ცენტრმა მუშაობა დაიწყო

ბრძოლა აზარტული თამაშების, ნარკომანიისა და სუიციდური ფაქტების წინააღმდეგ - ფსიქოლოგებმა, იურისტებმა, არასამთავრობო სექტორმა და საზოგადოებრივი მოძრაობის წევრებმა სისტემური პრობლემის აღმოსაფხვრელად გზების მოძიება დაიწყეს.

აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულება ხშირად თვითმკვლელობის მიზეზი ხდება. ამ კუთხით პარლამენტში ორი კანონპროექტია დაინიცირებული, თუმცა საკანონმდებლო ორგანომ ის თაროზე შემოდო. 2 წლის გასვლის მიუხედავად, პარლამენტს არც ერთი მათგანი არ განუხილავს.

სტატისტიკის ბოლო მონაცემები საგანგაშოა, კვლევის მიხედვით ქვეყანაში მილიონზე მეტი ადამიანი ონლაინთამაშშია ჩართული.

აზარტული თამაშები ნათია ხარაზიშვილის ცხოვრების ტრაგედიად რამდენიმე წლის წინ იქცა. მისი ყოფილი მეუღლე წლების განმავლობაში ლუდომანი იყო. ის "კურიერთან" ყვება, რომ არაერთი მცდელობის მიუხედავად, ყოფილი მეუღლის ამ სენისგან დახსნა ვერ შეძლო. აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულება ხშირად თვითმკვლელობის მიზეზიც გამხდარა.

ქვეყანაში თამაშდამოკიდებულთა რიცხვის ზრდაზე ამახვილებენ ყურადღებას არასამთავრობო სექტორში.

"დედები აზარტული თამაშების წინააღმდეგ" - საგანგაშო სტატისტიკასა და ამ პრობლემით გამოწვეულ სუიციდურ ფაქტებზე საუბრობენ. პარლამენტისგან კი ორი წლის წინ დამოუკიდებელი დეპუტატის მიერ დაინიცირებული კანონპროექტის მიღებას მოითხოვენ.

ახალგაზრდებში სუიციდის, აზარტული თამაშების და ნარკომანიის პრევენცია - ეს იმ საკითხების ნაწილია, რაზეც მუშაობა სტრატეგიის ანალიზის ცენტრმა დღეს დაიწყო. ორგანიზაციაში სფეროს პროფესიონალების დახმარებით პრობლემის გადაჭრის გზის მოძიებასთან ერთად სამომავლო სამოქმედო გეგმის დასახვაც დაიწყეს.

აზარტული თამაშებისგან თავის დასაღწევად დიდი როლი ოჯახსა და სპეციალისტებს აქვთ. თუმცა ფსიქოლოგები მიიჩნევენ, რომ ამ პროცესში ერთ-ერთი გადამწყვეტი ფაქტორი სახელმწიფოს უნდა ეკავოს.

სტატისტიკის ბოლო მონაცემების მიხედვით, საქართველოში მცხოვრებთა მეოთხედზე მეტი აზარტულ თამაშშია ჩართული. კაზინოების ონლაინგვერდებზე კი ყოველდღიურად 3 ათასზე მეტი ადამიანი რეგისტრირდება. არასამთავრობო სექტორის კვლევამ აჩვენა, რომ კაზინოებსა და ონლაინთამაშებში ჩართული მამაკაცებისა და ქალების რაოდენობა თანაბარია.

დღის ამბები