26 თებერვალი 2020,   00:52
ვრცლად
C ჰეპატიტის ვადაგასულ მედიკამენტებთან დაკავშირებული ინფორმაციის გაშუქებამ პოლიტიზებული სახე მიიღო - ელიზაბეთ რუდი

C ჰეპატიტის ვადაგასულ მედიკამენტებთან დაკავშირებული, ინფორმაციის გაშუქებამ მედიაში პოლიტიზებული სახე მიიღო  - ამის შესახებ, აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, ჯანდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.

ელიზაბეთ რუდი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს ეკატერინე ტიკარაძეს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა С ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამასთან დაკავშირებით ისაუბრეს.

ელჩმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი აღნიშნული პროგრამის მხარდაჭერას. შეხვედრას მინისტრის პირველი მოადგილე, ასევე დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი ესწრებოდნენ. 

"მინისტრთან ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა გვქონდა. განვიხილეთ C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა, რომელიც ძალიან წარმატებით მიმდინარეობს, ამერიკის და საქართველოს დაავადებათა კონტროლის ცენტრების, ასევე ფარმაცევტული კომპანია გილიადის ჩართულობით.

ვადაგასულ მედიკამენტებთან დაკავშირებული ინფორმაციის გაშუქებამ, მედიაში პოლიტიზებული სახე მიიღო. მე მინდა ხაზი გავუსვა, რომ აღნიშნულ პროგრამას სრულ ნდობას ვუცხადებთ. პრეპარატების რაოდენობა, რომელთაც სარგებლობის ვადა ამოეწურა, მთლიანად ჯდება საერთაშორისო სტანდარტებში. მომწოდებელმა ფარმაცევტულმა კომპანიამაც იგივე სახის განცხადება გაავრცელა. მინდა მოვუწოდო ყველა ქართველს, რომ ჩაიტარონ სკრინინგი და მიიღონ ის ბენეფიტები, რასაც სახელმწიფო C ჰეპატიტის მკურნალობის მიზნით აბსოლუტურად უფასოდ სთავაზობს. აღნიშნული კი ქვეყანასაც დაეხმარება, მიაღწიოს C ჰეპატიტის ელიმინაციის მიზნებს," - აღნიშნა აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, ელიზაბეთ რუდიმ.

 

დღის ამბები