26 თებერვალი 2020,   00:51
ვრცლად
პრეზიდენტი ისრაელში მიემგზავრება - სალომე ზურაბიშვილი მსოფლიო ჰოლოკოსტის ფორუმში მიიღებს მონაწილეობას

საქართველოს პრეზიდენტი დღეს ისრაელში მსოფლიო ჰოლოკოსტის ფორუმზე მონაწილეობის მისაღებად გაემგზავრება.

საქართველოს პრეზიდენტი, მსოფლიო ლიდერებთან ერთად, იერუსალიმში ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის ცერემონიასა და მსოფლიო ჰოლოკოსტის მე - 5 ფორუმს დაესწრება.

ისრაელში დაგეგმილი სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტი შეხვედრებს გამართავს ისრაელის პრეზიდენტთან, რუვენ რივლინთან, ჩრდილოეთ მაკედონიის პრეზიდენტთან, კანადის გენერალ-გუბერნატორთან და ფორუმში მონაწილე სხვადასხვა ქვეყნის ლიდერთან. 

ამერიკული საერთაშორისო ორგანიზაცია "სიონის მეგობრები", რომელიც 70 მილიონზე მეტ წევრს აერთიანებს, საქართველოს პრეზიდენტს, როგორც საქართველოს სახელმწიფო მეთაურს, ქართველი ხალხის მხრიდან ებრაელებისა და ისრაელის სახელმწიფოსადმი მეგობრობისა და თანადგომისათვის "სიონის მეგობართა ორგანიზაციის" უმაღლეს ჯილდოს გადასცემს. ორგანიზაციის ჯილდოები, რომლის პირველი თავმჯდომარე ისრაელის პრეზიდენტი შიმონ პერესი იყო, მიღებული აქვთ აშშ-ს პრეზიდენტებს ჯორჯ ბუშს, დონალდ ტრამპსა და მსოფლიოს რამდენიმე ლიდერს. 

საქართველოს პრეზიდენტი შიბას სამედიცინო ცენტრის ბავშვთა ონკოლოგიურ დეპარტამენტს ეწვევა და ასევე ისრაელის პოლიტიკაში, ბიზნესსა და საზოგადოებრივ საქმიანობაში წარმატებულ ქალებს შეხვდება.

საქართველოს პრეზიდენტის საერთაშორისო ვიზიტების პროგრამაში, პრეზიდენტის პრიორიტეტებიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია კულტურული პროგრამა, რომლის ფარგლებში  იგი რამდენიმე მუზეუმს ეწვევა. 

პრეზიდენტი ასევე შეხვდება ისრაელში მყოფ საქართველოს მოქალაქეთა სათვისტომოს წარმომადგენლებსა და ისრაელში დაბადებულ ქართველ ებრაელთა წარმატებული ახალგაზრდა თაობის წარმომადგენლებს. 

საქართველოს პრეზიდენტი, ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრთან, კულტურის მინისტრთან და ქალაქ იერუსალიმის მერთან ერთად,  იერუსალიმში საქართველოს საპატიო საკონსულოს ახალ ოფსისს გახსნის. 

ისრაელში სამუშაო ვიზიტის შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტი საფრანგეთის რესპუბლიკაში გაემგზავრება და 28 იანვარს სტრასბურგში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოვა.

დღის ამბები