26 თებერვალი 2020,   07:34
ვრცლად
ძალიან მალე დავიწყებთ ახალი ტენდერის პროცედურას - ნათია თურნავა ანაკლიის პროექტზე

ანაკლიაში დემონტაჟი დაიწყო. პორტის მშენებელ კომპანიას ტერიტორიიდან ტექნიკა გააქვს. ანაკლიის განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, იმის გამო, რომ სახელმწიფოსა და კონსორციუმს შორის ხელშეკრულება შეწყდა, კომპანია "ვანოორდმა" ტერიტორია უნდა დატოვოს. ჰოლანდიურმა კომპანიამ ზღვის სიღრმეში განთავსებული მილების ფსკერიდან ამოღების სამუშაოები უკვე დაიწყო.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა აცხადებს, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტთან დაკავშირებით ახალი ტენდერი შეცვლილი პირობებით მალე გამოცხადდება.

ნათია თურნავას თქმით, ახალი ტენდერის გამოცხადების პროცედურა, როგორც ყველა სხვა ნაბიჯი ანაკლიის პორტის პროექტთან დაკავშირებით, გამჭვირვალე იქნება.

"ეს გადაწყვეტილება იყო სრულიად ლოგიკური, რადგან ანაკლია ჩვენი პრიორიტეტია და ჩვენ ვერ დავუშვებთ კიდევ უფრო მეტ დაგვიანებას. რაც შეეხება შემდგომ პროცედურას, ის ასეთივე გამჭვირვალე იქნება, როგორც ყველა ჩვენი ნაბიჯი ამ პროექტთან მიმართებაში. ჩვენ გვაქვს გაცხადებული, რომ ძალიან მალე დავიწყებთ ახალი ტენდერის პროცედურას.

ინფრასტრუქტურის სამინისტრო ჩვენი ჩართულობით, ჩვენს კოლეგებთან ერთად კიდევ ერთხელ გადახედავს პირობებს იმიტომ, რომ პირობებმა 2017 წლის შემდეგ განიცადა საკმაოდ დიდი მოდიფიკაცია ინვესტორის სასარგებლოდ.

ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს ტენდერი იქნება წარმატებული," - განაცხადა ნათია თურნავამ.

დღის ამბები