26 თებერვალი 2020,   07:44
ვრცლად
ეს მოლაპარაკებები "ოცნების" მხრიდან თვალის ახვევის და დროის გაწელვის ტაქტიკაა - რომან გოცირიძე

საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ოპოზიციასა და უმრავლესობას შორის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდის ზუსტი თარიღი ამ დრომდე არ სახელდება. ცნობილია, მხოლოდ ის, რომ იანვრის ბოლოს გაიმართება. 

პარლამენტის ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე რომან გოცირიძე მიიჩნევს, რომ ეს პროცესი "ქართული ოცნების" მხრიდან დროის გაწელვის მცდელობაა და მას რეალური შედეგი არ შეიძლება მოყვეს. 

"კიდევ ერთხელ დავესწრებით ამ შეხვედრას, თუმცა, თავიდანვე ნათელი იყო იმისი მიზანი. მიზანი იყო ერთი, რომ დრო მოეგოთ და იყო მცდელობა მოსახლეობის კიდევ ერთხელ მოტყუებისა, თითქოსდა რაღაც ცვლილებები უნდათ და მოლაპარაკების იმიტაცია იყო. სინამდვილეში, არავითარ ცვლილებებზე ისინი არ მოდიან. დროზე უნდა გავაცნობიეროთ ის ტაქტიკა, რასაც "ქართული ოცნება" ეწევა, მოტყუებისა და თვალის ახვევის ტაქტიკა. ერთადერთი გზა შეასრულონ პირობა არის ვაიძულოთ საპროტესტო აქციების ფონზე,"-განაცხადა რომან გოცირიძემ.

პარლამენტის ფრაქცია "ევროპული საქართველო - რეგიონების" წევრი სერგი კაპანაძე აცხადებს, რომ ხელისუფლების არცერთი შეთავაზება პროპორციულ არჩევნებთან კავშირში არ ყოფილა, ოპოზიცია კი მხოლოდ პროპორციულ, ან მის ეკვივალენტ საარჩევნო სისტემის შეთავაზებას შეიძლება დათანხმდეს. 

"ჩვენი მიზანი არის, რომ მივაღწიოთ პროპორციულ ან პროპორციულის ეკვივალენტურ საარჩევნო სისტემას. შესაბამისად, ყველა ჩვენი წინადადება ამისკენაა მიმართული. კონტრწინადადებები, რომელიც ჩვენ გვესმის ხელისუფლებისგან, ამას არ ეხება. როგორიცაა, იგივე საარჩევნო ბარიერი, პროპორციულთან კავშირში არ არის. ჩვენი მიზანია, რომ პროპორციულს მივაღწიოთ და თუ ივანიშვილს საღი აზრი აქვს, ამაზე უნდა წამოვიდეს,"- განაცხადა სერგი კაპანაძემ.

საკუთარ აზრზე რჩება მმართველი გუნდიც, რომელმაც პოლიტიკურ პარტიებს საარჩევნო სისტემა 100-50-ზე შესთავაზა. პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე გურამ მაჭარაშვილი აცხადებს, რომ რაც უფრო მალე დათანხმდება ოპოზიცია შემოთავაზებას და საარჩევნო კამპანიას დაიწყებს, მათთვის უკეთესი იქნება.

"შეთავაზებულია ჩვენი მხრიდან 100 პროპორციული და 50 მაჟორიტარული. ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები ჩართულნი არიან ამ მიმართულებით და ბუნებრივია, რომ ჯერი მათზეა. თუ ისინი დათანხმდებიან ამ ოპტიმალურ ვარიანტს და უკვე დაიწყებენ წინაასაარჩევნო კამპანიისთვის მზადებას, ეს მათთვისვე არის ძალიან კარგი, თუ ვარ დათანხმდებიან, ჩვენ საკონსტიტუციო ჩარჩოებს ვერ გავცდებით,"- განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

დღის ამბები