26 თებერვალი 2020,   08:27
ვრცლად
"ანას ბაღთან" გაშლილ კარავში მშენებლობის წინააღმდეგ პეტიციისთვის ხელმოწერები გროვდება

ვარკეთილში, "ანას ბაღთან" გაშლილ კარავში პეტიციისთვის ხელმოწერები გროვდება. ადგილობრივები დანებებას არ აპირებენ და ბრძოლას აქციების პარალელურად, სამართლებრივი კუთხით განაგრძობენ.

პროტესტის მონაწილეები 100 ათასი ხელმოწერის შეგროვებას და მის თბილისის საკრებულოში შეტანას აპირებენ, რის შემდეგაც საკრებულოს წევრები ვალდებული იქნებიან საკითხი განიხილონ.

"აქციები და ჩვენი პროტესტი უფრო გამძაფრდება, რა თქმა უნდა, კანონის ფარგლებში. ჩვენ ისევ გავაგრძელებთ ტექნიკის დაბლოკვას იმ კუთხით, რომ არ შევუშვებთ ტერიტორიაზე. ასევე, დღეს გამოვაცხადებთ ხელმოწერების შეგროვებას, პეტიციას წარვუდგენთ საკრებულოში და, პარალელურ რეჟიმში, ვაგრძელებთ მუშაობას სამართლებრივი გზებით,"- განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილე კოკა დარისპანაშვილმა.

სამშენებლო კომპანიის წარმომადგენელი გიორგი ბენაშვილი დარწმუნებულია, რომ პეტიცია მშენებლობას ხელს ვერ შეუშლის და პროექტი კანონით განსაზღვრულ ვადებში დამთავრდება. 

"პეტიციასაც უნდა ჰქონდეს რაღაც, თუნდაც სამართლებრივი არგუმენტაცია და მოტივი. ასე, მე მომინდა, 100 კაცი შევგროვდით, მოვაწერეთ ხელი და აღარ ავაშენოთ, ალბათ არც დედაქალაქის ხელისუფლება იმოქმედებს და არც ცენტრალური ხელისუფლება. მე ვფიქრობ, კომპანიას და აღნიშნულ პროექტს არანაირი საშიშროება არ ემუქრება და მშენებლობა დამთავრდება კანონით განსაზღვრულ ვადებში,"- განაცხადა გიორგი ბენაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ვარკეთილის მოსახლეობა "ანას ბაღთან" მიმდებარედ კორპუსის მშენებლობას უკვე რამდენიმე კვირაა აპროტესტებს. 

დღის ამბები