23 თებერვალი 2020,   14:52
ვრცლად
ორწლიანი პაუზის შემდეგ ელჩის ჩამოსვლა ურთიერთობებში მნიშვნელოვან დინამიკას შეიტანს - პოლიტიკოსები კელი დეგნანზე

საქართველოში ამერიკის ახალი ელჩის, კელი დეგნანის დამტკიცებას, შეფასებები მოჰყვა პოლიტიკურ სპექტრში. საქართველოში ამერიკის ელჩის პოსტი თითქმის ორი წელი იყო ვაკანტური. პოლიტიკოსების შეფასებით, ორწლიანი პაუზის შემდეგ ელჩის ჩამოსვლა ორმხრივ ურთიერთობებში მნიშვნელოვან დინამიკას შეიტანს.

"რაც შეეხება კანდიდატურას, ჩვენ ვნახეთ მისი მოსმენა სენატში და ყველას, ვისაც საქართველოს თავისუფალ სამყაროში გაწევრიანება, ჩვენი სუვერენიტეტის და უსაფრთხოების დაცვა და ჩვენი დემოკრატიის მხარდაჭერა მნიშვნელოვან საკითხად მიაჩნია, ყველა იყო კმაყოფილი იმ ხედვითა და ცოდნით, რაც მან მოსმენის დროს გამოავლინა," - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის მოადგილე სალომე სამადაშვილი დარწმუნებულია, რომ კელი დეგნანის საქართველოში ჩამოსვლა და გააქტიურება კარგ ქვეყნისთვის შედეგს მოიტანს.

"დარწმუნებული ვარ, მისი ჩამოსვლა და გააქტიურება შესაბამის შედეგს გამოიტანს იმ თვალსაზრისით, რომ ჩვენ ამ წელიწადს შევხვდეთ ისე, რომ შემდეგმა არჩევნებმა ქვეყანაში მოიტანოს ხელისუფლების მშვიდობიანი შეცვლა არჩევნების გზით," - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაია ამბობს, რომ საქართველოში ამერიკის ელჩთან ქართულ მხარეს მჭიდრო თანამშრომლობა ექნება და იმ გეგმებს გააცნობენ, რაც ქვეყანას აქვს.

"ახალი ელჩი არის საკმაოდ გამოცდილი პროფესიონალი და მისი გამოცდილება უსაფრთხოების და თავდაცვის კუთხითაც დადებითი ელემენტია, რომელიც კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ამ თანამშრომლობის გაღრმავებას,“ - განაცხადა ირაკლი ბერაიამ.

თეთრმა სახლმა საქართველოში ამერიკის ელჩის თანამდებობაზე კელი დეგნანი სექტემბერში წარადგინა, სენატმა კი მას მხარი დეკემბერში დაუჭირა.

 

 

დღის ამბები