23 თებერვალი 2020,   14:54
ვრცლად
ასახავს თუ არა NDI-ის გამოკითხვა მოსახლეობის განწყობას - ოპოზიციისთვის კვლევის შედეგები "ოცნების" დასასრულზე მიუთითებს

ეროვნულ დემოკრატიულმა ინსტიტუტმა დღეს, მორიგი კვლევა გამოაქვეყნა. კვლევის შედეგებს არაერთგვაროვანი შეფასებები მოჰყვა. 

ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის მიერ, გამოკითხული მოსახლეობის უმრავლესობა, 20%-ი, მათ შეხედულებებთან ყველაზე ახლოს მდგომ პარტიას ვერ ასახელებს.

NDI-ის კვლევის მიხედვით, 19%-ისთვის ასეთი პარტია "ქართული ოცნებაა", 13% "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" ირჩევს, 7% ევროპულ საქართველოს, 6%-ისთვის მათ შეხედულებებთან ყველაზე ახლოს "ლეიბორისტული პარტიაა", 5 პროცენტი კი პატრიტთა ალიანსს" ასახელებს.

ტრადიციულ კითხვაზე - ხვალ, რომ არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას/გაერთიანებას მისცემდით ხმას? 40% ან უარს ამბობს პასუხზე, ან არც ერთს არ მისცემდა ხმას, ან არ იცის.

გამოკითხულთა 20% "ქართულ ოცნებას" ირჩევს. "ნაციონალურ მოძრაობას" ხმას გამოკითხულთა 13% მისცემდა.

8%-იანი მხარდაჭერა აქვს "ევროპულ საქართველოს", 5% ირჩევს ლეიბორისტულ პარტიას. 4%-იანი მხარდაჭერა კი "პატრიოტთა ალიანსმა" მიიღო.

ოპოზიციაში მმართველი გუნდის 20%-იან მხარდაჭერას "ქართული ოცნების" პოლიტიკური დასასრულის კვალიფიკაციას აძლევენ. "ქართული ოცნების" რეიტინგის გაუარესებას პოლიტიკური ოპონენტები მოსახლეობისთვის მიცემული პირობების დარღვევით ხსნიან. ამბობენ, რომ ოპოზიცია ჯამური მაჩვენებლით მმართველი გუნდს უგებს.

ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ მმართველი გუნდი დაკარგულ ნდობას ვეღარ დაიბრუნებს. პოლიტიკური ოპონენტების ნაწილი კოალიციური მმართველობის მოახლოებაზე მიანიშნებს.

NDI-ის კვლევების პოლიტიკური ნეიტრალიტეტის არ სჯერა გია ვოლსკის. პარლამენტის ვიცე სპიკერს შედეგებთან სხვა კითხვებიც აქვს.

როგორ აფასებს მოსახლეობა სახელმწიფო ლიდერების საქმიანობას - NDI-იმ საზოგადოების ეს განწყობაც გამოიკვლია.

გამოკითხულთა უმრავლესობა ყველაზე დადებითად კახა კალაძის საქმიანობას აფასებს, ყველაზე ცუდად კი სალომე ზურაბიშვილის. რეიტინგში დადებითი შეფასების კუთხით, მეორე ადგილზე პრემიერ მინისტრი გიორგი გახარიაა, მესამეზე კი, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე.

რაც შეეხება პოლიტიკოსების მიმართ დამოკიდებულებას, რეიტინგის პირველობას არ თმობს დავით ბაქრაძე 34 პროცენტით, ასეთივე შეფასება აქვს კახი კალაძეს, თუმცა ბაქრაძესთან შედარებით, მის საქმიანობას ერთი პროცენტით მეტი აფასებს უარყოფითად. 29%-იანი მხარდაჭერა აქვს შალვა ნათელაშვილს, ალეკო ელისაშვილს კი 20 პროცენტიანი დადებითი და ამდენივე უარყოფითი შეფასება აქვს.

15%-ს მოსწონს შალვა შავგულიძე, 18%-ს კი არ მოსწონს. დადებითად აფასებს გიორგი გახარიას 27%, ხოლო 34% უარყოფითად.

NDI-იმ კვლევა 2019 წელს 19 ნოემბრიდან 13 დეკემბრის პერიოდში ჩაატარა. პირისპირ ინტერვიუს ფორმატში 2180 ადამიანი გამოიკითხა.

 

 

 

 

 

 

 

 

დღის ამბები