21 იანვარი 2020,   12:00
ვრცლად
"თეირანს ცრემლების არ სჯერა"- დონალდ ტრამპის განცხადებას ირანმა მკაცრი რიტორიკით უპასუხა

არეულობა და დაპირისპირება ირანში. თეირანში საპროტესტო აქცია ძალის გამოყენებით დაშალეს. ირანის რეჟიმი პროტესტის ჩახშობას ცდილობს.

მიმართვას ავრცელებს დონალდ ტრამპიც, რომელიც ირანელ ხალხს მხარდაჭერას უცხადებს. თეთრი სახლის ლიდერის პოზიცია თეირანში "ნიანგის ცრემლების ღვრად" შეაფასეს. ვაშინგტონის მსგავსად ირანს ურთიერთობა ლონდონთანაც დაეძაბა. თეირანში ბრიტანეთის ელჩის დაკავების გამო ირანის ელჩი გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს.

"თეირანს ცრემლების არ სჯერა" - ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებას ირანმა მკაცრი რიტორიკით უპასუხა. მთავრობის პრესსპიკერმა განაცხადა, რომ ტრამპი ერთი მხრივ ირანელ ხალხზე საუბრისას "ნიანგის ცრემლებს" ღვრის, მეორე მხრივ კი, სანქციებს უწესებს.

თეირანის პასუხამდე იყო ტრამპის მიმართვა. "არ დახოცოთ აქციის მონაწილეები", – ამ სიტყვებით ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ირანის რეჟიმს როგორც სპარსულ, ისე ინგლისურ ენებზე მოუწოდა. დონალდ ტრამპმა განცხადება სოციალური ქსელის საშუალებით გაავრცელა და ირანელ ხალხს მხარდაჭერა გამოუცხადა.

უდანაშაულო ადამიანების მკვლელობა გახდა ირანში ახალი საპროტესტო ტალღის აგორების მიზეზი. საპროტესტო აქცია თეირანში მას შემდეგ დაიგეგმა, რაც გაირკვა, რომ უკრაინული სამგზავრო ლაინერი ჩამოაგდეს. მომხდარზე პასუხისმგებლობა ელიტურმა სამხედრო ქვედანაყოფმა, "ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა" აიღო. თეირანმა კი ავიაკატასტროფა მხოლოდ ადამიანური ფაქტორით ახსნა. 

თეირანელების პროტესტი რეჟიმმა ძალის გამოყენებით ჩაახშო. დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ. დაშავდა რამდენიმე ადამიანი. უფრო მეტიც, დასავლური მედია წერდა, რომ აქციის მონაწილეებს ცეცხლიც გაუხსნეს. ეს ინფორმაცია ირანის ხელისუფლებამ კატეგორიულად უარყო.

"მტრები აქ არიან და არა ამერიკაში“- სკანდირებდნენ დემონსტრაციაზე შეკრებილი ირანელები. ახალგაზრდებმა პროტესტის ნიშნად ასფალტზე გამოსახულ ამერიკის შეერთებული შტატებისა და ისრაელის დროშებზე ფეხით არ გადაიარეს.

ანტისამთავრობო აქციის მონაწილეებმა, რომელზეც ძირითადად სტუდენტები შეიკრიბნენ, მოკლული ირანელი გენერლის პოსტერები ჩამოხსნეს და დაწვეს. ათასობით ირანელი ავიაკატასტროფაზე პასუხისმგებელი პირების დასჯას, ირანის პრეზიდენტის ჰასან როჰანისა და სულიერი ლიდერის აიათოლა ალი ჰამენეის გადადგომას ითხოვდა.

ირანში გამართული აქცია მსოფლიოს სხვა ლიდერების ყურადღების ცენტრშიც მოექცა. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც დემონსტრაციაზე ბრიტანეთის ელჩი დააკავეს. დიპლომატიური სკანდალი გერმანიისა და ბრიტანეთის ლიდერებმა ტელეფონის საშუალებით განიხილეს. ბორის ჯონსონმა და ანგელა მერკელმა ინციდენტი დაგმეს და საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევად მიიჩნიეს. ინციდენტის გამო, ბრიტანეთში ირანის ელჩი გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროშია დაბარებული. თავის მხრივ, თეირანი ვიდეოს ავრცელებს, რომელზეც აქციაზე მყოფი ელჩი ჩანს და ლონდონს შიდა საქმეებში ჩარევაში ადანაშაულებს.

ბრიტანელი დიპლომატი კი ირწმუნება, რომ ის ირანში ანტისამთავრობო აქციაში არ მონაწილეობდა.

ირანში პროტესტი გრძელდება. უცვლელია მოთხოვნებიც. 176 უდანაშაულო ადამიანის მკვლელობის გამო სამართლის აღსრულებას ელიან დაღუპულთა ოჯახის წევრებიც.

დღის ამბები