28 იანვარი 2020,   08:53
ვრცლად
დიასპორაზე ზრუნვა ქართული სახელმწიფოს ერთ-ერთ კონსტიტუციურ ფუნქციად განისაზღვრა - თალაკვაძე

პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის კონფერენციაზე ქართული დიასპორის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

თალაკვაძემ აღნიშნა, რომ დიასპორაზე ზრუნვა ქართული სახელმწიფოს ერთ-ერთ კონსტიტუციურ ფუნქციად განისაზღვრა.

"ქართული სახელმწიფოს ერთ-ერთ კონსტიტუციურ ფუნქციად დიასპორაზე ზრუნვა განისაზღვრა. საკონსტიტუციო რეფორმის ფარგლებში მოხდა კონსტიტუციის იმ ჩანაწერის გაუქმება, რომელიც ზღუდავდა ორმაგ მოქალაქეობას. პარლამენტი მუშაობს უცხოეთში მცხოვრები მოქალაქეების და დიასპორული ორგანიზაციების შესახებ კანონის ახლებურად გააზრებასა და მის შესაბამისობაში მოყვანაზე," - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

დიასპორის თავმჯდომარის მოადგილემ ევროსაბჭოში, პაოლო პისკომ განაცხადა, რომ კონფერენცია ამ კუთხით არსებულ გამოწვევებზე სასაუბროდ საუკეთესო საშუალებაა.

"დიასპორები, ისტორიულად, ქვეყნების შენების პროცესში ყოველთვის მონაწილეობდნენ. ბოლო წლებში, ისინი ამ პროცესებში კიდევ უფრო აქტიურად ერთვებიან. თუმცა, ზოგი ქვეყანა დიასპორების ჩართულობისთვის მზად არ არის. ზოგი მათგანი მათ მარტივად, როგორც მიგრანტებს ისე აღიქვამს. ცხადია, ეს დიდი შეცდომაა, რადგან ისინი თანაბარუფლებიანი მოქალაქეები არიან. დიასპორების ასოციაციებს გამოწვევები აქვთ. ეს კონფერენცია ყველა ამ გამოწვევაზე საუბრის საშუალებას იძლევა," - აღნიშნა პაოლო პისკომ.

შეგახსენებთ, თბილისში, სასტუმრო "ბილტმორში"  ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის კონფერენცია მიმდინარეობს, რომლის მთავარი თემა სახელმწიფოს აღმშენებლობის პროცესში დიასპორის აქტიური მონაწილეობაა.

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები