28 იანვარი 2020,   08:36
ვრცლად
ევროპაში საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივა - მესამე სექტორის მიერ შემუშავებული დოკუმენტი

აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალი და ევროპაში საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივა - ამ საკითხებზე ფონდის "ღია საზოგადოება  - საქართველო"  და საგარეო პოლიტიკაზე მომუშავე ხუთი ანალიტიკური ორგანიზაციიის მიერ მომზადებულ დოკუმენტს, სხვადასხვა სახელმწიფო უწყების წარმომადგენლებს აცნობენ.

შეხვედრას ესწრებიან დიპლომატებიც, მათ შორის ევროკავშირის დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელი საქართველოში და ასევე გერმანიის ელჩი.

რა უნდა გააკეთონ ასოცირებულმა ქვეყნებმა - საქართველომ, უკრაინამ და მოლდოვამ იმისათვის, რომ ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა მიიღონ. ეს არის ერთ-ერთი მთავარი შეკითხვა, სამოქალაქო საზოგადოების მიერ შემუშავებულ დოკუმენტში.

მთავარი მიზანი, რაც არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა დოკუმენტში ჩადეს, არის სამოქალაქო საზოგადოების ხედვა აღმოსავლეთ პარტნიორობის შესახებ.

დოკუმენტის ავტორები "რუსთავი 2-თან" საუბარში ამბობენ, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობას 10 წელი შეუსრულდა. ამ პერიოდის განმავლობაში ქვეყანამ ძალიან ბევრი სარგებელი მიიღო, მათ შორის ასახელებენ ასოცირების შეთანხმებას, ღრმა და ყოვლის მომცემ ვაჭრობას, უვიზო მიმოსვლას.

თუმცა დოკუმენტის ავტორები იმასაც ამბობენ, რომ დადგა დრო, ეს პროგრამა გადაიხედოს და ევროკავშირის მხრიდან, განსაკუთრებით ასოცირებული ქვეყნების მისამართით, განსხვავებული მიდგომები შემუშავდეს.

"მიუხედავად იმისა, რომ არის გარკვეული წარმატებები აღმოსავლეთ პარტნიორობის ფორმატში - ასოცირების შეთანხმება, ღრმა და ყოვლის მომცემი ვაჭრობის შეთანხმება, უვიზო მიმოსვლა და ა.შ., საქართველო აღმოსავლეთ პარტნიორობის მეათე წელს ხვდება დემოკრატიის წინაშე არსებული გამოწვევებით და კრიზისით," – განაცხადა "საქართველოს რეფორმების ასოციაციის" (GRASS) დირექტორმა პაატა გაფრინდაშვილმა.

დოკუმენტის ავტორების თქმით, რუსული გამოწვევა ქვეყნისთის ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა, თუმცა იმედს გამოთქვამენ, რომ ეს ფაქტორი ქვეყნის გაწევრიანების პროცესში შემაფერხებელ ფაქტორად არ იქცევა.

ფონდი "ღია საზოგადოება - საქართველოს" აღმასრულებელი დირექტორის ქეთი ხუციშვილის თქმით, აუცილებელია აიწიოს სტანდარტი და რეფორმები კიდევ უფრო ინტენსიური გახდეს. ქეთევან ხუციშვილი ასევე დემოკრატიული გამოწვევების დაძლევის აუცილებლობაზე საუბრობს, რომლის წინაშეც ქვეყანა დგას.

"დროა, თავად აღმოსავლეთ პარტნიორობის პროცესი განახლდეს და დაიხვეწოს. გაცილებით უფრო მეტი პირობითობა შემოვიდეს, რათა ქვეყანაში რეალური რეფორმები განხორციელდეს, წინსვლა იყოს და არ იყოს ის მნიშვნელოვანი გამოწვევები, რომელსაც დღეს ვხედავთ, იქნება ეს მართლმსაჯულების, სახელმწიფოს მართვის, კორუფციის თუ სხვა სფეროების," –  აცხადებს ქეთევან ხუციშვილი.

დღის ამბები