25 იანვარი 2020,   18:41
ვრცლად
არ არსებობს არავითარი კლანი სასამართლო სისტემაში - გიორგი მიქაუტაძე

უზენაესი სასამართლოს ახლადარჩეული უვადო მოსამართლის გიორგი მიქაუტაძის თქმით, ის ყველაფერს იღონებს, რომ მის მიმართ გამოჩენილი მაღალი ნდობა გაამართლოს და  ქვეყანას კეთილსინდისიერად ემსახუროს:

"პირველ რიგში, მინდა ძალიან დიდი მადლობა ვუთხრა ყველას მხარდაჭერისთვის, საქართველოს პარლამენტს და იმ ადამიანებს, რომლებიც გვამხნევებდნენ და გვერდში გვედგნენ ამ პროცესში. მინდა მივულოცო ჩემს ახალგამწესებულ კოლეგებს ეს დიდი წარმატება და ვუსურვო წარმატებული საქმიანობა. ყველაფერს ვიღონებ იმისთვის, რომ  მაღალი ნდობა გავამართლო და კეთილსინდისიერად ვემსახურო ჩემს ქვეყანას, როგორც დღემდე ვაკეთებდი. მადლობა ასევე მათ, ვინც გვაკრიტიკებდა, ჩემთვის ერთგვარი სტიმულია და გვაიძულებს, რომ მხნედ ვიყოთ და კარგად ვაკეთოთ საქმე, თუმცა ზღვარგადასული ყველაფერი მიუღებელია,"- განაცხადა მიქაუტაძემ.

მიქაუტაძე სასამართლო სისტემაში კლანის არსებობას უარყოფს და აცხადებს, რომ ზოგჯერ გამოთქმული კრიტიკული მოსაზრებები არგუმენტებს და ფაქტებს მოკლებულია:

"არ არსებობს არავითარი კლანი სასამართლო სისტემაში, სასამართლო სისტემაზე ზრუნავს გუნდი, რომელიც ზრუნავს სასამართლოს დამოუკიდებლობაზე და განვითარებაზე. გამოხატვის თავისუფლება დაცულია, ყველას აქვს უფლება გამოთქვას მოსაზრება, თუმცა ეს მოსაზრებები მოკლებულია ფაქტებს და არგუმენტებს და კომენტარს ვერ გავაკეთებ," - აღნიშნა მიქაუტაძემ.

რაც შეეხება უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე შალვა თადუმაძის მოსალოდნელ დანიშვნას, მიქაუტაძე კომენტარს არ აკეთებს და აცხადებს, რომ ეს მომდევნო პროცესია. მისი თქმით უზენაესი სასამართლოს ყველა მოსამართლეს აქვს რესურსი, რომ ეს თანამდებობა დაიკავოს. მიქაუტაძემ ასევე განაცხადა, რომ ის რჩება იუსტიციის საბჭოს მდივნის პოსტზე.

დღის ამბები