19 იანვარი 2020,   18:09
ვრცლად
"ოცნების" კრიზისი - EMC ხელისუფლებას დაპირებების შეუსრულებლობისთვის აკრიტიკებს

"ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი" "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში ყოფნის მეშვიდე წელს ყველაზე კრიზისულად აფასებს. არასამთავრობო ორგანიზაციის წლის შემაჯამებელ ანგარიშში ერთ-ერთ მთავარ ადგილს 21 ივნისისა და პროპორციული საარჩევნო სისტემის მოთხოვნით 18 ნოემბერს გამართული აქციების დაშლა იკავებს. მესამე სექტორი ხელისუფლებას დაპირებების შეუსრულებლობისა და პოლიტიკური კრიზისის პროვოცირებისთვის აკრიტიკებს.

არასამთავრობო ორგანიზაციის კრიტიკას დღეს აღმასრულებელ ხელისუფლებაში უპასუხეს. ვიცე-პრემიერი მაია ცქიტიშვილი პოლიტიკური პროცესის ქუჩაში გადატანის მცდელობაში ოპონენტებს ადანაშაულებს და ფიქრობს, რომ მმართველი გუნდის კრიტიკა ამ კუთხით უსაფუძვლოა.

პროკურატურა, სასამართლო და მართლმსაჯულების რეფორმა - ეს ის საკითხებია, რომელსაც "იემსის" კვლევაში მნიშვნელოვანი ადგილი დაეთმო. ორგანიზაციაში ფიქრობენ, რომ უზენაესი სასამართლოს კანდიდატების შერჩევის პროცესმა ხარვეზებით ჩაიარა, რამაც სასამართლოში ე.წ. კლანის ინტერესები გააძლიერა.

კიდევ ერთი საკითხი, რაც ანგარიშში მოხვდა, მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის კრიტიკაა.

სასამართლოსთან დაკავშირებით საერთაშორისო პარტნიორების დასკვნები დღეს არასამთავრობო ორგანიზაციას პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ შეახსენა. პარლამენტის ყოფილი სპიკერი მიიჩნევს, რომ სასამართლო რეფორმის წარმატებას ევროპელი პარტნიორების პოზიტიური განცხადებებიც ადასტურებს. "იემსის" დასკვნას არც ეკონომიკის მინისტრი ეთანხმება.

პანკისის ხეობაში დაწყებული პროცესები და ე.წ. საოკუპაციო ხაზთან მიმდინარე მოვლენები, "იემსის" კრიტიკულ კვლევაში მოხვდა განხილვის თემა იყო პოლიტიკური ოპოზიციისთვისაც. ხელისუფლების ოპონენტები მესამე სექტორის აზრს სრულად იზიარებენ და აცხადებენ, რომ ხელისუფლება უმოქმედობით პროცესების ესკალაციას უწყობს ხელს.

"ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის" 18-გვერდიან ანგარიშში კრიტიკათან ერთად წლის დადებითი ტენდენციებიც მოხვდა. ამ კუთხით ორგანიზაციამ ანტიდისკრიმინაციული კანონი და შრომის უსაფრთხოების კანონმდებლობის შეცვლა დაასახელა. "იემსი" ხელისუფლების საქმიანობის მონიტორინგს მომდევნო თვეებშიც აპირებს.

დღის ამბები