19 იანვარი 2020,   18:17
ვრცლად
ადამიანის უფლებათა დაცვის კვირეულის ფარგლებში ქუთაისში ფილმის "სანამ მამა დაბრუდება" ჩვენება გაიმართა

ადამიანის უფლებათა დაცვის კვირეულის ფარგლებში ევროკავშირმა და საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა ქუთაისში ახალგაზრდებისთვის ფილმის ჩვენება და დისკუსია გამართეს.

კინოჩვენებაზე წარმოდგენილი იყო მარიამ გულბიანის დოკუმენტური ფილმი "სანამ მამა დაბრუნდება", რომელიც ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერითაა შექმნილი და პანკისის ხეობაში ორი მოზარდი გოგონას მეგობრობის ისტორიას მოგვითხრობს.

ევროკავშირის საკომუნიკაციო პროექტის წარმომადგენელ თამარ კვარაცხელიას განცხადებით, ევროკავშირი მსგავს ღონისძიებებს მხარდაჭერას უცხადებს.

"კვირეულის განმავლობაში სხვადასხვა ორგანიზაცია აწყობს ღონისძიებებს, კონფერენციებს და ა.შ. მე წარმოვადგენ ევროკავშირს და ევროკაშირიც ყოველთვის უერთდება ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დღეს. ორგანიზაცია თავისი პროგრამების ფარგლებში მუდმივად ცდილობს, რომ ხაზი გაუსვას ადამიანის სოციალურ, ეკონომიკურ და კულტურულ უფლებებს," - განაცხადა თამარ კვარაცხელიამ.

ფილმის მსოფლიო პრემიერა ბრიტანეთში, შეფილდის დოკუმენტური ფილმების საერთაშორისო ფესტივალზე შედგა. მოგვიანებით ფილმი სარაევოს საერთაშორისო კინოფესტივალის დოკუმენტური ფილმების საკონკურსო სექციაშიც აჩვენეს და ასუანის საერთაშორისო კინოფესტივალის გამარჯვებულიც გახდა. ახლახან ფილმი თბილისის საერთაშორისო ფილმების ფესტივალის საუკეთესო დოკუმენტურ ფილმადაც დასახელდა.

ჩვენების შემდეგ გაიმართა დისკუსია ფილმში ასახული მოვლენების შესახებ, რომელშიც მონაწილეობა თავად რეჟისორმა და საქართველოს სახალხო დამცველის წარმომადგენლებმა მიიღეს.

დღის ამბები