28 იანვარი 2020,   07:55
ვრცლად
არ უნდა გვქონდეს კულტურული ფობიები, მაგრამ ის იარაღად არ უნდა იქცეს - პოლიტიკოსები რუსული კულტურის ცენტრზე

თბილისში რუსული კულტურის ცენტრის შესაძლო გახსნას პოლიტიკოსები და საზოგადოების წევრები ერხმაურებიან.  მათი განმარტებით, საზოგადოება უნდა შეეწყინაღმდეგოს მსგავს იდეებს, რომელიც მიზნად ისახავს ოკუპაციის გაღრმავებას საქართველოში.

როგორც "კურიერთან" საუბრისას "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ განაცხადა, ქვეყანამ არ უნდა დაუშვას მსგავსი ტიპის კულტურული ცენტრების გახსნა.

"საკუთარ ქვეყანაში ჩვენივე თანხმობით თუ ვიშენებთ მტრის "შპიონების" ცენტრს, მაშინ არ ვყოფილვართ თავმოყვარე ქვეყანა. ჩვენ არ უნდა გვქონდეს კულტურული ფობიები, მაგრამ ამავე დროს, უნდა გვესმოდეს, რომ კულტურის იარაღად ქცევა არ არის სწორი. დოსტოევსკის წაკითხვა გინდა, კი ბატონო წაიკითხე, მაგრამ არ უნდა დაუშვა მსგავსი ცენტრის გახსნა შენს ქვეყანაში, - განაცხადა უგულავამ.

"ახალი საქართველოს" თავმჯდომარე გიორგი ვაშაძის განაცხადებით, თუ მსგავსი ცენტრი გაიხსნება, ეს იქნება ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი.

"პირველად რომ გავიგე ეს ინფორმაცია, მეგონა რომ ფეიქ ნიუსი იყო, იმდენად აბსურდულად მომეჩვენა. მერე აღმოჩნდა, რომ თურმე მართლა აპირებენ ამის გახსნას, ამაზე მუშაობას. ეს არის ჩვენი ეროვნული ინტერესების წინააღდმეგ გადადგმული ნაბიჯი. ეს არის ჰიბრიდული ომის კონკრეტული იარაღი," - აღნიშნა ვაშაძემ.

საქართველოს ატლანტიკური საბჭოს გამგეობის თავმჯდომარის მოადგილის ბათუ ქუთელიას განმარტებით, აღნიშნული ცენტრის გახსნით, ოკუპაციის საკითხი გადაიფარება.

"როცა ჩვენ, ომის პირობებში ვიმყოფებით რუსეთთან, ასეთი კულტურული ცენტრების შექმნა ქმნის ოპტიკას, თითქოს ყველაფერი ნორმალიზდება და ოკუპაციის თემა გადადის მეორე პლანზე. სწორედ ამიტომ, დაუშვებელია კულუტურული ცენტრის საფარქვეშ რუსეთს დამატებითი ბერკეტები მივცეთ," - განმარტა ქუთელიამ.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის ანა დოლიძის შეფასებით, იდეა შესაძლოა რუსული ჰიბრიდული ომის იარაღად იქნეს გამოყენებული.

"თავიდანვე ამ იდეას მე ვუწოდე "ტროას ცხენი," რუსულ კულტურასთან ამ ცენტრს კავშირი არ აქვს. ეს იქნება რუსული პროპაგანდისა და ჰიბრიდული ომის ერთ-ერთი იარაღი," - აღნიშნა დოლიძემ. 

დღის ამბები