25 იანვარი 2020,   17:18
ვრცლად
"იმედია, თუ გონიერება არა, თვითგადარჩენის ინსტიქტი მაინც შერჩა ხელისუფლებას" - გიორგი გუგავა

"იმედია, მიხვდება ხელისუფლება, რომ ქართველ ხალხთან კონფლიქტში შესვლა კრახით დამთავრდება" - ეს განცხადება "საქართველოს ლეიბორისტული პარტიის" პოლიტიკურმა მდივანმა გიორგი გუგავამ გააკეთა.

გუგავა იმედოვნებს, რომ უმრავლესობისა და ოპოზიციის მოლაპარაკების მეორე რაუნდის შედეგად, საარჩევნო სისტემის "გერმანულ მოდელით" ჩატარებაზე შეთანხმდებიან, რაც არჩევნების პროპორციული წესით ჩატარებას უზრუნველყოფს.

"იმედია, გონიერება შერჩენია ხელისუფლებას, თვითგადარჩენის ინსტიქტი მაინც და მიხვდებიან, რომ ქართველ ხალხთან კონფლიქტში შესვლა დამთავრდება მათთვის კრახით, დამთავრდება მძიმე შედეგებით. მათ შეუძლიათ, ამ სიტუაციიდან გამოსავალი ნახონ, ეს არის პროპორციული არჩევნების წესის დამკვიდრება და ამით შეიმსუბუქებენ იმ დანაშაულს, რომელიც მათ მრავლად აქვთ ჩადენილი ქართველი ხალხის წინაშე,"- განაცხადა გიორგი გუგავამ.

შეგახსენებთ, რომ ხელისუფლებასა და გაერთიანებულ ოპოზიციას შორის დიალოგის მეორე რაუნდი დღეს, 18 საათზე დაიწყება, სადაც ოპოზიციის მიერ შემოთავაზებულ საარჩევნო სისტემის "გერმანულ მოდელზე" იმსჯელებენ. 

მოლაპარაკების პირველი რაუნდი საერთაშორისო საზოგადოების ინიციატივითა და ჩართულობით 30 ნოემბერს, სასტუმრო "ბილტმორში" გაიმართა.

დღის ამბები