19 იანვარი 2020,   17:39
ვრცლად
ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულ ბერს პატიმრობა შეეფარდა

ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულ ბერს პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ რამდენიმე წუთის წინ მიიღო.

სწორედ პატრიმრობის შუამდგომლობით მიმართა პროკურორმა მარიამ ქორიძემ სასამართლოს და ამის მიზეზად დაკავებულის მხრიდან მოწმეებზე ზემოქმედების, მიმალვისა და ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე დაასახელა.

დაცვის მხარემ პროცესზე სასულიერო პირების დახასიათებები წარადგინა და დასძინა, რომ ისინი მზად არიან, თავდებში დაუდგნენ მამა სიმონ ქავთარაძეს და მის გამოსწორებაზე პასუხისმგებლობას იღებენ.  

ამასთან, ადვოკატმა ჯიტა გულუამ მოსამართლეს 20 000 ლარიანი გირაოს შუამდგომლობითაც მიმართა. ადვოკატი ასევე ამბობს, რომ ქავთარაძე კანონის დარღვევით დააკავეს.

ჯიტა გულუა გამორიცხავს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფმა, რომელიც პოლიციას თავად ჩაბარდა, ახალი დანაშაული ჩაიდინოს ან მიიმალოს.

თავად ბრალდებულმა ბერმა სიმონ ქავთარაძემ პროცესზე  ბრალი აღიარა. ადვოკატმა კი დასძინა, რომ მხოლოდ ნაწილობრივ, რადგან ის დანაშაულის ჯგუფურად ჩადენას კატეგორიულად გამორიცხავს.

ზუგდიდში რამდენიმე დღის წინ ნარკოდანაშაულისთვის რომან მალანია დააკავეს. მალევე ამავე საქმეზე ზუგდიდის პოლიციას ბერი სიმონ ქავთარაძე ჩაბარდა.  მალანიას სასამართლომ 10 000 ლარიანი გირაო შეუფარდა. ის ბრალს არ აღიარებს და გირაოს გადახდის შემდეგ უნდა გათავისუფლდეს.

დღის ამბები