25 იანვარი 2020,   19:16
ვრცლად
ევროსაბჭომ ე.წ. დეპორტირებულების საქმეზე რუსეთს კომპენსაციის დაუყოვნებლივ გადახდისკენ კვლავ მოუწოდა

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა, საქართველოს მოთხოვნით ე.წ. დეპორტირებულების საქმის აღსრულების პროცესი განმეორებით შეაფასა.

კომიტეტმა საქართველოს მთავრობის მიერ წარდგენილი არგუმენტები კიდევ ერთხელ გაიზიარა და რუსეთს, საქართველოსათვის კომპენსაციის სახით, 10 მილიონი ევროს დაუყოვნებლივ გადახდისაკენ მოუწოდა.

კომიტეტმა აღნიშნა, რომ სტრასბურგის სასამართლოს მიერ, რუსეთისათვის დაკისრებული სამართლიანი დაკმაყოფილების თანხის გადახდა უპირობო ვალდებულებაა და შეშფოთება გამოხატა იმ ფაქტთან დაკავშირებით, რომ აღნიშნული ვალდებულების მიუხედავად, მოპასუხე სახელმწიფოს დაკისრებული თანხა ამ დრომდე არ გადაუხდია.

ამასთან, მინისტრთა კომიტეტმა წუხილი გამოხატა, რომ რუსეთის დელეგაცია ცდილობს, კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს ევროპული სასამართლოს მიერ განსაზღვრული გადაწყვეტილების აღსრულების პროცედურის თანმიმდევრობა, ეს კი, უპირველესად რუსეთის ფედერაციის მიერ კომპენსაციის გადახდას გულისხმობს.

რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგობის მიუხედავად, კომიტეტმა საქართველოს მოთხოვნა დააკმაყოფილა და "დეპორტირებულების საქმეზე" ხელახალი დებატები უახლოეს სხდომაზე − 2020 წლის მარტში − ჩანიშნა.

შეგახსენებთ, ე.წ. დეპორტირებულების საქმეზე სამართლიანი დაკმაყოფილების გადაწყვეტილების აღსრულების ფარგლებში კომიტეტმა პირველი გადაწყვეტილება 2019 წლის 23-25 სექტემბერს მიიღო, რითაც გაიზიარა საქართველოს მთავრობის მიერ წარდგენილი არგუმენტები და რუსეთს მოუწოდა კომპენსაციის სახით 10 მილიონი ევროს საქართველოსთვის დაუყოვნებლივ გადახდისკენ. ევროპული სასამართლოს დიდი პალატის 2019 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილების მიხედვით, აღნიშნული თანხა უნდა განაწილდეს 2006 წლის შემოდგომაზე რუსეთის ფედერაციიდან მასობრივი დეპორტაციისა და ადამიანის უფლებების უხეში დარღვევების მსხვერპლ, სულ მცირე, 1500 პირზე.

ინფორმაციას ევროპის საბჭოს კომიტეტის მორიგი გადაწყვეტილების შესახებ საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

დღის ამბები