20 იანვარი 2020,   21:22
ვრცლად
პორტების პროექტის მიზანია საქართველოს შესაძლებლობების გაზრდა, რეგიონში სტაბილურობა და უსაფრთხოება გვჭირდება - ელჩები ანაკლიის პორტზე

შავი ზღვის აუზის ქვეყნების ელჩები ხაზს უსვამენ ანაკლიის პროექტის მნიშვნელობას და აცხადებენ, რომ რეგიონალური თანამშრომლობისთვის ანაკლიის პროექტის მნიშვნელობა გაძლიერდა მას შემდეგ რაც შავ ზღვაში პოზიციები გაიმყარა რუსეთის ფედერაციამ.

"შემიძლია ვისაუბრო იმაზე, თუ რის გაკეთებას აპირებს უკრაინის მთავრობა პორტისა და კომერციული კომუნიკაციების გაუმჯობესებისთვის შავ ზღვაზე. საქართველოსა და უკრაინას შორის თანამშრომლობის ერთ-ერთი საკითხი საზღვაო კომუნიკაციებია, დაინტერესებულები ვართ რაც შეიძლება მეტი შესაძლებლობა გვქონდეს. შემდეგ კვირაში, 12 დეკემბერს, 2 ქვეყნის პრემიერ-მინისტრი კიევში შეიკრიბება და განხილვის ერთ-ერთი თემა პორტების საკითხი იქნება. მოუთმენლად ველით ამ თანამშრომლობის გაზრდას. უკრაინისთვის შავი ზღვა, როგორც სატრანსპორტო არხი, კრიტიკულად მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით რუსული აგრესიის შემდეგ, ცხადია ახალ შესაძლებლობას ანაკლიის პორტის სახით მივესალმებით," - განაცხადა უკრაინის ელჩმა იგორ დოლგოვმა.

საქართველოში თურქეთის  საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ​ ფატმა სერენ იაზგანი ხაზს უსვამს საქართველოს პორტების მნიშვნელობას რეგიონში ეკონომიკური თანამშრომლობის გაძლიერებაში. მისი თქმით, პორტების პროექტის მიზანია საქართველოს შესაძლებლობების გაზრდა:

"საქართველო შავი ზღვის რეგიონის სხვა ქვეყნებთან ერთად მნიშვნელოვანი ხიდია, ამიტომ საქმე კონკრეტულ პორტებს კი არ ეხება არამედ ვაჭრობასა და ტვირთებს, რეგიონულ ვაჭრობას. ანაკლიისა და ფოთის პორტების პროექტის მიზანია საქართველოს შესაძლებლობების გაზრდა. რეგიონში სტაბილურობა და უსაფრთხოება გვჭირდება რადგან ამას ეკონომიკური აქტივობაც მოჰყვება. თურქეთი შავი ზღვის რეგიონის ქვეყანაა, სწორედ ამიტომ ჩვენი ინტერესია რეგიონული ეკონომიკური თანამშრომლობის გაზრდა," - აღნიშნა ფატმა სერენ იაზგანმა.

დღის ამბები