19 იანვარი 2020,   04:03
ვრცლად
მნიშვნელოვანია, პროცესი ქუჩიდან პარლამენტში გადავიდეს - მმართველი გუნდი ქუჩის აქციებს ეხმაურება

ქუთაისში და ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე საპროტესტო აქციებს მმართველ გუნდში ეხმაურებიან.

ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებით, მშვიდობიანი ფორმით აქციების ჩატარების უფლება ყველას აქვს და მსვლელობები კანონის ფარგლებს არ უნდა გასცდეს.

როგორც კახი კალაძე ამბობს, ის კონტრაქციების შესახებ ინფორმაცია არ ფლობს, თუმცა აღნიშნავს, რომ გამოხატვის თავისუფლება ნებისმიერ ადამიანს აქვს.

"კონტრაქციაზე არანაირი ინფორმაცია არ მაქვს, თუმცა ორივე მხარეს აქვს თავიანთი მოსაზრებების გამოხატვის უფლება, დაპირისპირება არ იქნება. არსებობს პოლიცია და არსებობს კანონი, პოლიცია კი დაიცავს ორივე მხარეს," - განაცხადა კახი კალაძემ.

საქართველოს ვიცე-პრემიერის, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ მაია ცქიტიშვილის თქმით, მოლაპარაკებებმა სადისკუსიო სივრცეში უნდა გადაინაცვლოს.

"რაც შეეხება საპროტესტო შესაძლო აქციებს და ამ აგრესიულ გარემოს, რა თქმა უნდა, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ეს პროცესი ქუჩიდან გადავიდეს პარლამენტში, გადავიდეს სადისკუსიო სივრცეებში მოლაპარაკების მაგიდასთან და გავაგრძელოთ ყველამ ერთად ფიქრი იმაზე, რომ 2020 წლის არჩევნები ჩავატაროთ გამჭირვალედ,"- განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

დღის ამბები