06 დეკემბერი 2019,   09:18
ვრცლად
სამძებრო სამუშაოები ჯანდარის ტბაზე - ერთი ოჯახის 2 ახალგაზრდა წევრის კვალი უკვე მეორე დღეა არსად ჩანს

ჯანდარის ტბაზე სამძებრო სამუშაოები ისევ გრძელდება. ერთი ოჯახის 2 ახალგაზრდა წევრის სიცოცხლის კვალი უკვე მეორე დღეა არსად ჩანს. მიუხედავად იმისა, რომ ტბაზე სამძებრო ღონისძიებების დიდი ნაწილი დასრულებულია, 21 და 27 წლის ახალგაზრდებს ამ დრომდე ვერ მიაკვლიეს.

გიორგი ქველაძისა და ირაკლი ბოჭოიძის ოჯახის წევრები საკუთარი თვალით აკვირდებიან ყველა მცდელობას, რასაც მაშველები 2 ახალგაზრდას საპოვნელად აკეთებენ, თუმცა ახლობლები ფიქრობენ, რომ მობილიზებული სამაშველო ჯგუფების ძალა საკმარისი არაა და აუცილებელია, საქმეში დამატებითი ბრიგადები ჩაერთოს.

ტერიტორია უკვე შეამოწმეს ვერტმფრენებით. დღეს სამაშველო სამსახურმა ძებნა სპეციალური ტექნიკის საშუალებით გააგრძელა. პროცესში მყვინთავებთან ერთად ჩართულია სამაშველო დრონიც.

სამძებრო გეგმის მიხედვით, თუ სამაშველო სამსახური დაკარგულ ახალგაზრდებს ხვალ დილამდე ვერ მიაკვლევს, ამ შემთხვევაში სამძებრო სამუშაოები უკვე აზერბაიჯანის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გაგრძელდება.  

ახალგაზრდებთან ერთად, გამქრალია ის ნავიც ნიჩბებთან ერთად, რომლითაც სავარაუდოდ გიორგი ქველაძე და ირაკლი ბოჭოიძე ტბაში ცურავდნენ. ერთ-ერთი ვერსიით, უამინდობის გამო ნავი წყლის დინებამ სიღრმეში შეათრია და რთული მდგომარეობის გამო ახალგაზრდებმა ნაპირზე გამოსვლა ვეღარ შეძლეს.

დღის ამბები