06 დეკემბერი 2019,   09:02
ვრცლად
სასტიკი მკვლელობა სიღნაღში - სიმამრის მკვლელობაში ეჭვმიტანილი სიძის ოჯახი "კურიერთან" ახალ დეტალებს ამხელს

სასტიკი მკვლელობა სიღნაღში - სოფელ ნუკრიანში, სავარაუდოდ, სიძის მიერ მოკლული 60 წლის ფირუზ გოგნიაშვილის შვილი, მამისა და სიძის, არჩილ ჯანგულაშვილის შესაძლო კონფლიქტზე საუბრობს.

მოკლულის შვილი არ გამორიცხავს, რომ მათ კონფლიქტი მართლაც ჰქონდათ. თუმცა, რა შეიძლება ყოფილიყო დაპირისპირების მიზეზი, ოჯახისთვის უცნობია. გარდაცვლილის შვილის თქმით, დასთან და მის მეუღლესთან გოგნიაშვილებს წლებია ურთიერთობა არ ჰქონიათ.

გოგნიაშვილების ოჯახს რომ სიძესთან დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა, ამას არც მოკლულის ნათესავები უარყოფენ. თუმცა, რა შეიძლება გამხდარიყო სასტიკი მკვლელობის მოტივი, ამაზე საუბარი ფირუზ გოგნიაშვილის ნათესავებს უჭირთ.

სიძე-სიმამრის დაპირისპირებაზე კამერასთან საუბარს ერიდებიან გარდაცვლილის მეზობლებიც. თუმცა, პირად საუბარში ყვებიან, რომ არჩილ ჯანგულაშვილი ფირუზ გოგნიაშვილს სახლში რამდენჯერმე მიუვარდა და დაემუქრა. ამბობენ, რომ სავარაუდო მკვლელი სიმამრისგან დიდი ოდენობით თანხას ითხოვდა. ნუკრიანელების თქმით, არჩილ ჯანგულაშვილი წარსულში მოკვლით საკუთარ მამასაც ემუქრებოდა.

სიღნაღის რაიონის სოფელ ნუკრიანში მდებარე არჩილ ჯანგულაშვილის სახლში დღეს "კურიერის" გადამღებ ჯგუფს არავინ დახვდა. ჯანგულაშვილის მეზობლების თქმით, მკვლელობაში სავარაუდო ეჭვმიტანილის ოჯახი სოფელში თითქმის არავისთან კონტაქტობს. მეზობლები იხსენებენ, რომ ჯანგულაშვილს დავა საკუთარ მამასთანაც ხშირად ჰქონდა. ადგილობრივების თქმით, ოჯახური ძალადობისა და ფიზიკური დაპირისპირებების ბრალდებით ის, წარსულშიც არაერთხელ იყო ნასამართლები.

60 წლის ფირუზ გოგნიაშვილი სანადირო იარაღით საკუთარ სახლში 30 ნოემბერს მოკლეს.

შემთხვევას შსს სისხლის სამართლის კოდექსის 108 მუხლით იძიებს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. პოლიციას სავარაუდო ბრალდებული ამ დრომდე არ დაუკავებია. 

 

 

 

 

დღის ამბები