06 დეკემბერი 2019,   09:50
ვრცლად
არ ვაპირებთ დავუსვათ სულელური კითხვა არცერთ საერთაშორისო ორგანიზაციას - მმართველი გუნდი "გერმანული მოდელის" გადაგზავნაზე

ოპოზიციის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ საარჩევნო სისტემის შესახებ ახალი კანონპროექტის კონსტიტუციურობის დასადგენად მისი საერთაშორისო ორგანიზაციებში გადაგზავნა უნდა მოხდეს, მმართველ გუნდში კრიტიკულად აფასებენ. 

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ ოპოზიცია პროცესების სპირალში შეყვანას ცდილობს, რაშიც მმართველი გუნდი არ გაჰყვება:

"პირველ რიგში მადლობა მინდა გადავუხადო ოპოზიციას იმისთვის, რომ თავადვე აღიარეს დღეს, თურმე არანაირ გერმანულ მოდელზე საუბარი არ ყოფილა, ეს თავადვე იცოდნენ თავიდან და ატყუებდნენ თავის მომხრეებს და საზოგადოებას, რომ გერმანულ მოდელზე იყო საუბარი, დღეს თქვეს რომ ქართული მოდიფიცირებული ვარიანტიაო, ამ დროს საუბარია "ნაციონალური მოძრაობის" მოდელზე, რომელიც მათ აწყობთ და აძლევთ საშუალებას, რომ მეტნი მოხვდნენ პარლამენტში, მეტი ინტერესი მათ არ გააჩნიათ, ახლა ცდილობენ რომ სპირალში შეიყვანონ პროცესები და დაეყრდნონ რაღაც დასკვნას, სადაც იქნება ერთი წინადადება 10 ან 100-გვერდიან დოკუმენტში, რომელიც მისცემთ ინტერპრეტირების საშუალებას და დაიწყებენ სპეკულირებას, ამ სპირალში ჩვენ არ შევალთ. ჩვენ არ ვაპირებთ დავუსვათ ისეთი სულელური კითხვა არცერთ საერთაშორისო ორგანიზაციას, არც საკუთარ ქვეყანას და არც მათ ვაკადროთ, რომ "150=77, ასე ხომ არ არის?"- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

კანონპროექტთან დაკავშირებით მიმდინარე პროცესებს აბსურდულს უწოდებს ვიცესპიკერი გია ვოლსკიც:

"ნებისმიერი საკითხი, სპეკულაცია, "ოდირი", ვენეციის კომისია, ეს ყველაფერი იმიტომ კეთდება, რომ საზოგადოებაში, რომელთა შემადგენლობაშიც ინარჩუნებენ გარკევული დაძაბულობის მუხტს, რომ არ დაეშალოთ და არ მიხვდნენ, რომ აბსოლუტურად აბსურდულ თემაზე მიდის მსჯელობა, თითქოსდა შესაძლებელია წარმოვიდგინოთ, რომ 150 მანდატი, რომელიც ნაწილდება პროპორციულად, ნაწილდება პროპორციულადაც და მაჟორიტარულადაც," აღნიშნა გია ვოლსკიმ.

გაერთიანებული ოპოზიცია კანონპროექტს პარლამენტში ხვალ დაარეგისტრირებს, რის შემდეგაც საქმეში სახალხო დამცველს ჩაერთვება და დოკუმენტს ეუთო-ოდირს გადაუგზავნის. პროცედურის მიხედვით ეუთოსთვის მიმართვის უფლება მხოლოდ ხელისუფლებას და სახალხო დამცველს აქვს, ამიტომ გახდა საჭირო პროცესში ნინო ლომჯარიას ჩართულობა.

დღის ამბები