09 დეკემბერი 2019,   13:50
ვრცლად
დაპირისპირება სამოქალაქო აქტივისტებსა და "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებს შორის

"ქართული ოცნების" ოფისთან მოძრაობა "შეცვალეს" და "სირცხვილიას" აქტივისტების აქცია გვიანობამდე გაგრძელდა, საბოლოოდ კი სამოქალაქო აქტივისტებსა და "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებს შორის ჩხუბში გადაიზარდა.

"ოცნების" ოფისთან ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებიც მივიდნენ. მომხდარი დაპირისპირების ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო, თუმცა ამ დრომდე არავინ დაუკავებიათ.

როგორც "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრი მიიჩნევს, აზრის გამოხატვის საშუალება ყველას აქვს, თუმცა ეს კანონის ფარგლებში უნდა ჯდებოდეს.

"შეურაცხყოფას გვაყენებენ, გვაგინებენ, შნირებს და მონებს გვეძახიან, მოვიდნენ და აპროტესტებენ ამას და გაუჩნდათ აგრესია, რაც ბუნებრივია. სტიკერები გააკრეს შენობაზე," - განაცხადა ოთარ რაჭველიშვილმა.

სამოქალაქო აქტივისტი გიგა მაქარაშვილი პოლიციის უმოქმედობას აპროტესტებს. მაქარაშვილის თქმით, პოლიციის თვალწინ მშვიდობიან დემონსტრანტებს რამდენიმე მოძალადე ჯგუფი უტევდა.

"ვაპროტესტებთ იმას, რაც მოხდა მცხეთაში და მერე 3-4 საათის განმავლობაში აქ ვხედავდით ამდენი პოლიციელის თვალწინ როგორ გვიტევდა მოძალადე რამდენიმე ჯგუფი, როგორ ცდილობდნენ, დაეზიანებიათ ჩვენი მშვიდობიანი აქციის მონაწილეები, რამდენიმე დაზარალდა და 5 მათგანი გადაყვანილია საავადმყოფოებში. არც ერთი მოძალადე არ დაუსჯიათ, მათ შორის ისინი, ვინც პოლიციელებზე ძალადობდა," - აცხადებს გიგა მაქარაშვილი.

ახალგაზრდული სამოქალაქო მოძრაობა "შეცვალეს" წევრი დიმიტრი ბიძინაშვილის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილი ძალაუფლებას ებღაუჭება.

"ისტორიის სწორ მხარეს ვდგავართ ჩვენ და არა ის. აუცილებლად ისტორია სანაგვეზე მოისვრის ბიძინა ივანიშვილს," – განაცხადა დიმიტრი ბიძინაშვილმა.

ფრაქცია "ევროპული საქართველოს" წევრის ელენე ხოშტარიას განცხადებით, ძალადობა პოლიციის მონაწილეობით ხორციელდება.

"მცხეთაში ჩვენ ვნახეთ, რომ "ქართული ოცნება" პირდაპირ მერიის თანამშრომლების ხელით და "ქართული ოცნების" აქტივის ხელით გაუსწორდა ახალგაზრდებს, სწორედ ამის გასაპროტესტებლად მოვედით აქ და აქაც იგივე ხერხს მიმართა "ქართულმა ოცნებამ"," - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

საზოგადოებრივი მოძრაობა "ლელოს" წევრის თქმი, "ქართულმა ოცნებამ" მათ თავისი ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრები დაახვედრა, რომლებიც არაკონტროლირებადები არიან.

"ქართულმა ოცნებამ" აქ მათი "საუკეთესო" სახე დაგვახვედრა, მათი ახალგაზრდული ორგანიზაცია, რომელიც ძალადობს აქ შეკრებილ დემონსტრანტებზე, რომელიც არის აგრესიული, აბსოლუტურად არაკონტროლირებადი და ამ ყველაფერს ხელს უწობს პოლიციის უმოქმედობა, რომელიც აქ დგას და საერთოდ ვერ ახერხებს სიტუაციის დეესკალაციას, პირიქით სიტუაციის აღელვებას უწყობენ ხელს," - აღნიშნა საბა ბუაძემ.

დღის ამბები