09 დეკემბერი 2019,   14:17
ვრცლად
"გაბედეს" წევრები ხელწერილით გაათავისუფლეს

მოძრაობა "გაბედეს" წევრი ბექა ნათელაშვილი, რომელიც მცხეთის მერიასთან დაპირისპირებისას დააკავეს,  აცხადებს, რომ პოლიციამ გაწეული წინააღმდეგობა ვერ დაადასტურა, ამიტომ ისინი ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს. 

ბექა ნათელაშვილი ირწმუნება, რომ სამოქალაქო მოძრაობა "გაბედეს" წევრები მხოლოდ თავს იცავდნენ და ფიზიკური შეხლა-შემოხლა "ქართული ოცნების" მხარდამჭერების პროვოცირებული იყო. 

"ხელწერილის საფუძველზე გაგვათავისუფლეს, გვითხრეს, რომ პოლიციელებმა ვერ დაასაბუთეს თქვენი წინააღმდეგობაო. ვვარაუდობდით, რომ დაგვხვდებოდნენ, მაგრამ ასე პირდაპირ ფიზიკურ დაპირისპირებაზე თუ წამოვიდოდნენ, ვერ ვიფიქრებდით. ჩვენს არცერთ წარმომადგენელს ხელი არ გაუნძრევია, ყველა მათგანი იცავდა თავს. ეს ადამიანები, ფაქტობრივად, ფეხებით შედგნენ ჩვენს წარმომადგენლებს და ყველას ეტყობა ფიზიკური დაზიანება,"- განაცხადა ბექა ნათელაშვილმა.

მოძრაობა "გაბედეს" წევრები მცხეთის მერიასთან მივიდნენ და მაჟორიტარ დეპუტატ დიმიტრი ხუნდაძესთან შეხვედრას ითხოვდნენ, რა დროსაც მათ მცხეთის მერი, გიორგი კაპანაძე და "ქართული ოცნების" მხარდამჭერები დაუპირისპირდნენ. 

დაპირისპირება ფიზიკურ და სიტყვიერ ურთიერთშეურაცხყოფაში გადაიზარდა, რის შედეგადაც პოლიციამ მოძრაობა "გაბედეს" 4 წევრი და "ქართული ოცნების" 3 მხარდამჭერი დააკავა. ამ დროისთვის ყველა დაკავებული ხელწერილის საფუძველზეა გათავისუფლებული. 

მცხეთის მერიასთან მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების შედეგად მოძრაობა "გაბედეს" ორი აქტივისტი თავისა და სახის მიდამოებში მიღებული დაზიანებებით მცხეთის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ამავე თემაზე
დღის ამბები