09 დეკემბერი 2019,   15:17
ვრცლად
ეს მხედრიონელები დაესხნენ თავს ბავშვებს, სცემეს და მძიმედ დააზიანეს - შალვა ნათელაშვილი

"ეს მხედრიონია პირდაპირი გაგებით, რომლებიც დაესხნენ თავს ბავშვებს, სცემეს, მიაყენეს დაზიანებები და არც თუ იოლი,"-განაცხადა "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა მცხეთის საავადმყოფოში, სადაც მცხეთის მერიასთან მომხდარ ფიზიკური დაპირისპირების შედეგად  "გაბედეს" ორი დაშავებული წევრი გადაიყვანეს.

შალვა ნათელაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ ახალგაზრდები პროტესტს მშვიდობიანი ფორმით გამოხატავდნენ.

"ვნახეთ ივანიშვილ-ხუნდაძის ახალი შემოქმედება - ნაცემი ახალგაზრდები. აგერ ორი მათგანი წვეთოვან საშუალებაზეა მიერთებული. ფიზიკური თავდასხმის მსხვერპლნი გახდნენ პირდაპირი გაგებით. ახლა ხომ ვერ იტყვიან, რომ პარლამენტს უტევდნენო ახალგაზრდები და სახელმწიფო გადატრიალება უნდოდათ, მოვიდნენ მშვიდობიან აქციაზე. ეს მხედრიონია პირდაპირი გაგებით, რომლებიც დაესხნენ თავს ბავშვებს, სცემეს, მიაყენეს დაზიანებები და არცთუ იოლი,"- განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.  

შეგახსენებთ, რომ მცხეთის მერიასთან მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების შედეგად მოძრაობა "გაბედეს" ორი აქტივისტი თავისა და სახის მიდამოებში მიღებული დაზიანებებით მცხეთის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

იქამდე, მოძრაობა "გაბედეს" წევრები მცხეთის მერიასთან მივიდნენ და მაჟორიტარ დეპუტატ დიმიტრი ხუნდაძესთან შეხვედრას ითხოვდნენ, რა დროსაც მათ მცხეთის მერი გიორგი კაპანაძე და "ქართული ოცნების" მხარდამჭერები დაუპირისპირდნენ. 

დაპირისპირება ფიზიკურ და სიტყვიერ ურთიერთშეურაცხყოფაში გადაიზარდა, რის შედეგადაც პოლიციამ მოძრაობა "გაბედეს" 4 წევრი და "ქართული ოცნების" 3 მხარდამჭერი დააკავა, მათ შორის შალვა ნათელაშვილის შვილი, ბექა ნათელაშვილიც იყო.

ამ დროისთვის ყველა დაკავებული ხელწერილის საფუძველზეა გათავისუფლებული. 

ამავე თემაზე
დღის ამბები