13 დეკემბერი 2019,   08:40
ვრცლად
პერფორმანსი უწყებებთან, პარლამენტის პიკეტირება - ოპოზიცია გეგმებს არ ცვლის

პარლამენტის წინ აქცია ორშაბათს განახლდება. ოპოზიციის ლიდერები პროტესტის სხვადასხვა ფორმას მიმართავენ, მათ შორის, სხვდასხვა უწყების პიკეტირებას.

მათი მოთხოვნები კვლავ უცვლელია - ჩატარდეს ვადამდელი პროპორციული არჩევნები, დაინიშნოს დროებითი მთავრობა და შეიცვალოს საარჩევნო ადმინისტრაცია. აქციის ორგანიზატორები მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე დაშლას არ აპირებენ.

"მომდევნო დღეებში სხვადასხვა უწყებებთან იქნება აქციები და პერფორმანსებიც. ორშაბათს უკვე ჩატარდება დიდი შეკრება და მეორე დღეს მოხდება პარლამენტის პიკეტირება," - აღნიშნა "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბაქრაძემ.

"ჩვენ მუშაობას გავაგრძელებთ ზუსტად ისეთივე ტაქტიკით, როგორც აქამდე. გაგრძელდება ძალიან მძლავრი პროტესტი. ხელისუფლებას ამოსუნთქვის საშუალებას არ მივცემთ," - აღნიშნა "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ზაალ უდუმაშვილმა.

უმრავლესობის წევრების განცხადებით კი, იმ შემთხვევაში თუ აქცია არაკონსტიტუციურ სახეს მიიღებს, ხელისუფლება იძულებული იქნება კანონით მინიჭებული უფლებები გამოიყენოს.

"ჩვენ ვერ შევეგუებით იმას, რომ კანონის დარღვევით მოხდეს პარლამენტის ბლოკირება. სახელმწიფო ვალდებული იქნება მიიღოს ყველა ის ზომა, რომელიც აუცილებელი იქნება სახელმწიფო ორგანოების ფუნქციონირების გასაგრძელებლად," - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა სოფო კილაძემ.

დღის ამბები