05 დეკემბერი 2019,   23:37
ვრცლად
დახარჯული 20 ათასი ლარი და დაუსრულებელი სკვერი სიღნაღში - ფლანგვის დეტექტორი ადგილობრივ მერიას კორუფციაში ადანაშაულებს

სიღნაღის მუნიციპალიტეტში კორუფციის ნიშნებზე საუბრობს "ფლანგვის დეტექტორი". 

არასამთავრობო ორგანიზაცია მერიის მიერ საკრებულოს "ქართული ოცნების" ფრაქციის ხელმძღვანელის შვილისთვის, პირდაპირი შესყიდვის გზით გადაცემულ 20 ათას ლარზე ამახვილებს ყურადღებას, რომლითაც დავით მირიანაშვილის კომპანიას სოფელ ანაგაში სკვერი უნდა გაეკეთებინა. 

სოფელ ანაგის მოსახლეობას იმედი აქვს, რომ სკვერის მოწყობა დასრულდება, თუმცა ის უკვე დასრულებული და მუნიციპალიტეტისთვის ჩაბარებულია. შემოღობილი ტერიტორია, მოხრეშილი ბილიკები და რამდენიმე სკამი სიღნაღის მუნიციპალიტეტს 20 ათასი ლარი დაუჯდა. თანხა სკვერის მოსაწყობად მუნიციპალიტეტმა სიღნაღის საკრებულოს “ქართული ოცნების“ თავმჯდომარის შვილს პირდაპირი შესყიდვით გადასცა.

ადგილობრივების ნაწილი დაუსრულებელი სკვერითაც კმაყოფილები არიან. არგუმენტი მათთვის ის არის, რომ აქამდე მოსასვენებელი სივრცე სულ არ ქონდათ. 

კომპანია "სეივონი" რომელმაც სამუშაოები შეასრულა, ადგილობრივი დეპუტატის - ივანე მირიანაშვილის შვილის სახელზეა რეგისტრირებული. ორგანიზაცია "ფლანგვის დეტექტორში" შესაძლო კორუფციულ გარიგებაზე საუბრობენ. 

სკვერზე გახარჯული თანხები ეჭვქვეშ სამოქალაქო აქტივისტებმაც დააყენა და მერია თანხების არამიზნობრივ ხარჯვაში დაადანაშაულეს.

"ქართული ოცნების" ფრაქციის თავმჯდომარე დღეს სამუშაო ოთახში არ იყო. ივანე მირიანაშვილმა არც "კურიერის" სატელეფონო ზარებს უპასუხა. განმარტებები სიღნაღის მერმა გიორგი გოგილაშვილმა გააკეთა. მან ჩატარებული სამუშაოებიც მოიწონა და ვერც იმაში დაინახა პრობლემა, რომ ერთ პირთან მოლაპარაკების გზით, ხელშეკრულება ფრაქციის თავმჯდომარის შვილთან გააფორმეს. 

მერის მთავარი არგუმენტს, რომ პრიორიტეტი ადგილობრივი კომპანიის დასაქმება იყო, შპს-ს რეგისტრაციის მისამართი არ ადასტურებს.  "სეივონი" თბილისში ჯანაშიას 21ნომერიში მდებარეობს. "კურიერის" კითხვებს დღეს არც იქ უპასუხეს.

დაინტერესდებიან თუ არა შესაბამისი უწყებები შესაძლო კორუფციული გარიგებით, ჯერ უცნობია.

მოსახლეობას კი ამ დრომდე სჯერა, რომ სკვერის მოწყობა ჯერ დასრულებული არ არის და ტერიტორიაზე სამუშაოები ისევ განახლდება.

დღის ამბები