06 დეკემბერი 2019,   19:18
ვრცლად
მირჩევნია 15 დღე ვიჯდე ვიდრე მომავალი არ მქონდეს - ზუკა ბერძენიშვილი

რა გადაწყვეტილებას მიიღებს მოსამართლე 18 ნოემბრის აქციის დროს დაკავებულთა საქმეზე - სასამართლოში საქმის განხილვა დღეს განახლდება. აქციის მონაწილეებისა და მათი ადვოკატების თქმით, ბრალდების დამადასტურებელი მტკიცებულება საქმეში არ არსებობს. მათ უჭირთ პროგნოზირება რა შედეგით დასრულდება აღნიშნული საქმის სამართლებრივი განხილვები, თუმცა როგორც "კურიერთან" სასამართლო დარბაზიდან გამოსულმა ზუკა ბერძენიშვილმა განაცხადა,  ბრძოლის შეწყვეტას არ აპირებენ.

პარტია "გირჩის" ლიდერის თქმით, მას სასამართლოში ყოფნა დღის 12 საათიდან შუაღამის სამის ნახევრამდე მოუწია იმისთვის, რომ პროცესის გადადებასთან დაკავშირებით მოსამართლის გადაწყვეტილება მოესმინა:

"საგიჟეთია, მე მომიყვანეს დილას 12 საათზე და სამის ნახევრამდე ვიყავი იმისათვის, რომ მოსამართლეს ჩაელუღლუღა ის, რაც ჩაილუღლუღა," - განაცხადა ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი ირაკლი ნადირაძის თქმით, სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარე ისეთივე უსუსური და სამარცხვინო იყო, როგორც "ქართული ოცნების" ხელისუფლება.

"ვერც ერთმა პოლიციელმა ვერ გაიხსენა, სად დაგვიჭირეს, რატომ დაგვიჭირეს," - აცხადებს მოძრაობა "სირცხვილიას" ერთ-ერთი ლიდერი გიგა მაქარაშვილი.

მოსამართლის საბოლოო გადაწყვეტილების პროგნოზირება უჭირს "სირცხვილიას" კიდევ ერთ ლიდერს ზუკა ბერძენიშვილს:

"წარმოდგენა არ მაქვს რას იზამენ, აქედან დასკვნის გამოტანა, საით მიდის ეს ყველაფერი ძალიან რთულია, თუმცა რაც არ უნდა მოხდეს, ჩვენ შემართებას ვერაფერს დააკლებს, იმიტომ რომ მირჩევნია 15 დღე ვიჯდე ვიდრე მომავალი არ მქონდეს," - განაცხადა ზუკა ბერძენიშვილმა.

ადვოკატ გიორგი ონიანის თქმით, ამ ადამიანების წინააღმდეგ მტკიცებულებები არ არსებობს. იგივეს აცხადებს ადვოკატი დიმიტრი საძაგლიშვილიც:

"მოსამართლე არ აძლევდა ელემენტარულ დროს დაკავებულებს და ადვოკატებს რომ დაეცვათ ინტერესები. ეს მოსამართლე იქნება პოლიტიკური გადაწყვეტილების გამხვოვანებელი,"- განაცხადა საძაგლიშვილი.

18 ნოემბერს პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე დაკავებული 37 პირი ადმინისტრაციული პატიმრობიდან გუშინ,  გვიან ღამით გაათავისუფლეს. პროცესი ხმაურიანი პროტესტის ფონზე მიმდინარეობდა.

დღის ამბები