13 დეკემბერი 2019,   09:44
ვრცლად
მუდმივ ჯოჯოხეთში ვამყოფებთ ხელისუფლებას - ელენე ხოშტარია

"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი წევრის ელენე ხოშტარიას განცხადებით, 18 ნოემბერს საპროტესტო აქციის დაშლის დროს დაკავებული 37 პირის საქმის განხილვა დარღვევებით მიმდინარეობს.

გარდა ამისა, როგორც ხოშტარიამ "კურიერთან" საუბრისას აღნიშნა, ოპოზიციისა და სამოქალაქო მოძრაობის პროტესტი მასშტაბურ ფორმებს მიიღებს.

"აბსოლუტური აბსურდია და მხოლოდ მიზანმიმართული დავალება შეიძლება იყოს იმის მიზეზი, მხოლოდ ერთმა მოსამართლემ ჩაიბაროს 37 ადამიანის საქმე. აქ უკვე მიზანი გასაგებია. ის უარს ეუბნება შუამდგომლობებზე ადვოკატს, ეთანხმება პროკურორს, მხოლოდ 2 საათი მისცა ადვოკატს მტკიცებულებების მოსაგროვებლად. დარღვეულია ასევე ვადები, იმიტომ რომ არ შეიძლება ამდენი ხანი ადმინისტრაციულ პატიმრობაში იყვნენ ადამიანები.  ამიტომაც ვაპირებთ პროტესტს, შევასრულებთ ჩვენს დაპირებას და მუდმივ ჯოჯოხეთში ვამყოფებთ ხელისუფლებას. პროტესტის წყარო ბიძინა ივანიშვილია," - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

18 ნოემბრის საპროტესტო აქციის დაშლის დროს დაკავებული 37 პირის საქმეს ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლო იხილავს. მათ მიმართ გამოძიება ადმინისტრაციული კოდექსის იმ მუხლებით მიმდინარეობს, რომლებიც 15 დღით თავისუფლების აღკვეთას ან ფინანსურ სანქციას გულისხმობს.

დღის ამბები