08 დეკემბერი 2019,   11:24
ვრცლად
ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი უახლოეს დღეებში გათავისუფლდება - ქეთევან ციხელაშვილი

"რამდენიმე არხით მიღებული ინფორმაციით, ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლება რამდენიმე დღეში, უახლოეს დღეებში მოხერხდება," – ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა.

"ბოლო ინფორმაციით, რამდენიმე დღეში უნდა მოხერხდეს მისი გათავისუფლება. ჩვენი ამოცანაა, რომ ეს "რამდენიმე დღე" იყოს რაც შეიძლება მალე და ბატონი ვაჟა დაუბრუნდეს მის არაჩვეულებრივ ოჯახს, ქალბატონ თამილას და ქალიშვილებს, ასევე მის მაღალ პროფესიულ საქმიანობას, ჰიპოკრატეს ფიცის, ადამიანურობის, ღირსების და გამორჩეული მოქალაქეობრივი პრინციპების ერთგულებით, რითაც არაერთ პაციენტს უმკურნალა ამ წლების განმავლობაში, მათ შორის ოსსა და აფხაზს.

დღეს და წლებია ოკუპაციის და საოკუპაციო პოლიტიკის გამო მძიმე მდგომარეობაშია ჩვენი ქვეყანა და ჩვენი ხალხი, ათასობით ადამიანი, დევნილები, მავთულხლართებს პირას მცხოვრებნი თუ მავთუხლართებს მიღმა იზოლირებულნი.

დღეს ვაჟა ექიმი არის სიმბოლო ჩვენი ქვეყნის მთავარი გამოწვევის და მასთან გამკლავების აუცილებლობის!" - წერს ქეთევან ციხელაშვილი.

დღის ამბები