08 დეკემბერი 2019,   12:59
ვრცლად
"ქართულმა ოცნებამ" დათმო საქართველოს პოზიციები - ბათუ ქუთელია

"ტექნიკური განცხადება - დაიკარგა "ქართული ოცნება", გამოცხადდეს ოკუპაციის მუზეუმთან“ - რუსთაველის გამზირზე შეკრებილ აქციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა საქართველოს ატლანტიკური საბჭოს გამგეობის თავმჯდომარის მოადგილემ. ბათუ ქუთელიას განცხადებით, საქართველოს ბევრი მძიმე ეტაპი აქვს გავლილი თავის ისტორიაში, ყველა მათგანი დიდი ტყუილითა და ღალატით იწყებოდა, ქართული საზოგადოება კი ახლა ორივე მათგანის  მოწმეა.

"ბიძინა ივანიშვილმა და "ქართულმა ოცნებამ" მოგვატყუა ჩვენ ყველანი, მოატყუა ჩვენი შვილები, ჩვენი მომავალი და ცდილობს მოატყუოს ჩვენი ისტორია, რომელიც აქ იწერება. გარდა ტყუილისა, რომელიც ყველაზე უღირსი საქციელია, ეს არის ღალატი, მან უღალატა ჩვენს ქვეყანას, "ქართულმა ოცნებამ" დათმო საქართველოს პოზიციები," - განაცხადა ბათუ ქუთელია.

ქუთელიას თქმით, ხელისუფლების ტყუილმა დააზიანა ბიძინა ივანიშვილისა და "ქართული ოცნების“ იმიჯი. მისივე განცხადებით, ქართული საზოგადოება ტყუილს და ღალატს არ შეეგუება.

“ჩვენ არ შევეგუებით იმას, რომ არ გვქონდეს ბედნიერი მომავალი. ამ ბედნიერებისკენ სწრაფვისთვის, ჩვენ გვჭირდება ვიდგეთ აქ, სანამ არ დაიშლება ბიძინა ივანიშვილის მიერ აგებული ეს არაფორმალური მმართველობის მახინჯი სტრუქტურა და ის დაინგრევა აუცილებლად,“- განაცხადა ბათუ ქუთელიამ აქციაზე.

დღის ამბები