06 დეკემბერი 2019,   00:16
ვრცლად
უმრავლესობამ ე.წ. გერმანული მოდელიც დაიწუნა - ოპოზიცია პოლიტიკურ სცენაზე თეატრალიზებული სანახაობის ჩაშლით იმუქრება

უმრავლესობა საარჩევნო სისმტემის ე.წ. გერმანულ მოდელს არ დათანხმდება - "ქართული ოცნების" ლიდერების წარმოდგენით, შეთავაზებული პროექტი ვერ ჩაჯდება იმ გრაფიკში, რომელსაც საკონსტიტუციო ცვლილებები სჭირდება. 2020-ის საპარლამენტო არჩევნების ძველი სისტემით ჩატარდება ერთადერთი სცენარია, რომელსაც "ქართული ოცნების" ლიდერები პროგნოზირებენ.

ოპოზიციის წევრები "ქართულ ოცნებას" სიცრუეში ადანაშაულებენ და აცხადებენ, რომ გერმანული მოდელი მოქმედ კონსტიტუციას არ ეწინააღმდეგება. ოპოზიციაში ამბობენ, რომ თუ პოლიტიკური ნება იქნება ცვლილებების მიღება ე.წ. ამბოხებული მაჟორიტარების გარეშეც შესაძლებელია.

უარის მიუხედავად ხელისუფლების ოპონენტები მიიჩნევენ, რომ მმართველ გუნდს დათმობაზე წასვლა მაინც მოუწევს. ბერკეტი ოპოზციის მტკიცებით, მათი ერთიანობა და საზოგადოებრივი პროტესტი იქნება. პირველი ნაბიჯი ხვალინდელი დღეა და აქცია, სადაც პარტიები სამომავლო გეგმებსა და მოთხოვნებზე კიდევ ერთხელ გაამახვილებენ ყურადღებას.

ვადამდელი არჩევნები გერმანული მოდელით, ცვლილებები ცესკოში, მთავრობის გადადგომა და დროებითი მინისტრთა კაბინეტის დაკომპლექტება - ესაა ის მოთხოვნები რომლის გარშემოც ოპოზიცია ამ ეტაპზე გაერთიანდა.

თუ საზოგადოება "ქართულ ოცნებას" ძალას აჩვენებს, ოპოზიციაში ფიქრობენ, რომ ხელისუფლება პოზიციებს დათმობს და ამჯერად მიცემული პირობის შესრულებაც მოუწევს.

ვიდრე მოთხოვნები არ დაკმაყოფილება საპარლამენტო მუშაობაზე უარს ამბობს "ევროპული საქართველო", შესაძლოა ბოიკოტი გამოაცხადოს "ნაციონალურმა მოძრაობამაც."

დღის ამბები