08 დეკემბერი 2019,   11:24
ვრცლად
გატაცებული ექიმი ცხინვალის ციხეში 2 თვეს გაატარებს - დე ფაქტო ხელისუფლება ინფორმაციას ავრცელებს

გატაცებული ექიმი ოკუპირებული ცხინვალის ციხეში 2 თვეს გაატარებს. ამის შესახებ ინფორმაციას დე ფაქტო ხელისუფლება ავრცელებს. საქართველოში კი ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ექიმები შეიკრიბნენ, კოლეგების გარდა ტყვეობიდან გათავისუფლებას ითხოვს მესამე სექტორიც და ჰუმანიტარული სამართლის უხეშ დარღვევაზე საუბრობს.

"კურიერმა" ყველა ის დეტალი გაარკვია, რომელიც ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავებასა და ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადასვლის მოტივს უკავშირდება.

როგორც  "კურიერმა" გაარკვია, 58 წლის ვაჟა გაფრინდაშვილი საოკუპაციო ხაზთან ე.წ. მესაზღვრეებმა გააჩერეს და უთხრეს, რომ ის კანონს არღვევდა. ექიმ-ტრავმატოლოგმა დანაშაული არ აღიარა და ოკუპირებული ტერიტორიის ე.წ. მესაზღვრეებს უთხრა, რომ ის საქართველოს ტერიტორიაზე, მის სამშობლოში იმყოფებოდა, ასევე მოითხოვა თარჯიმანი და ოკუპანტს მტრის ენაზე არ გაესაუბრა. სავარაუდოა, რომ მისი სისხლის სამართლებრივი დევნის მიზეზიც, სწორედ ექიმის სამოქალაქო პასუხისმგებლობა აღმოჩნდა.

ვაჟა გაფრინდაშვილის სურვილიც ოჯახის ინფორმაციით სწორედ ეს იყო - სურდა გადასულიყო ოკუპირებულ ტერიტორიაზე და იმ 60 წლის ქალბატონს დახმარებოდა, რომელიც 3 ნოემბერს ახალგორში ჭაში ჩავარდა და მძიმე ტრავმები მიიღო.

ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა, მძიმედ დაშავებულ თამარ გიგაურს თბილისში გადმოყვანაზე უარი უთხრა. პაციენტი იძულებული გახდა ცხინვალის საავადმყოფოში ემკურნალა, სადაც მძიმე პირობებია.

ვაჟა გაფრინდაშვილის მეუღლე ვარაუდობს, რომ ექიმ-ტრავმატოლოგის ერთადერთი მოტივი ქალბატონის მონახულება და მისთვის სამედიცინო დახმარების გაწევა იყო.

საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დარღვევა და უკანონო დაკავება გააპროტესტეს დღეს ვაჟა გაფრინდაშვილის კოლეგებმა და მეგობრებმა. 

კოლეგებს შორის აღმოჩნდა გიგი წერეთელიც, რომელიც აქციას ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის სახელით ესწრებოდა. როგორც წერეთელი ამბობს, ვაჟა გაფრინდაშვილის შემთხვევა, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მძიმე მდგომარეობის მაგალითია.

ანტისაოკუპაციო მოძრაობის "ძალა ერთობაშია" დამფუძნებელი დავით ქაცარავა, რომელიც დღეს ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდასაჭერ აქციაზე იმყოფებოდა არ გამორიცხავს, რომ ექიმი საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე დაეკავებინათ.

ამ დრომდე "წითელი ჯვრის" წარმომადგენლობას ვაჟა გაფრინდაშვილი ცხინვალის ციხეში არ მოუნახულებია, რის გამოც უცნობია ექიმის ჯანმრთელობის მდგომარეობა.

გატაცებულის ოჯახმა უკვე მიმართა სახალხო დამცველს, რომელიც შესაბამის ორგანიზაციებს დროული რეაგირებისკენ მოუწოდებს.

მომხდარზე ქართული მხარის მიერ გამოძიების დაწყების აუცილებლობაზე საუბრობს ცენტრი "ემპათია". ორგანიზაციაში მიაჩნიათ, რომ აუცილებელია იმ პირების ინდენტიფიცირება, რომლებმაც საერთშორისო ჰუმანიტარული სამართალი დაარღვიეს და ექიმი დააკავეს. მარიამ ჯიშკარიანის აზრით, აუცილებელია დამნაშავე პირები ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში შევიდნენ.

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ მომხდარზე პირველი განცხადება დღეს გაავრცელა.

უწყება ყველა შესაბამის სახელმწიფო ორგანოსთან ინტენსიურ კომუნიკაციას აწარმოებს, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებთან და წითელ ჯვართან. ჯანდაცვის სამინისტრო იმედს გამოთქვამს, რომ ერთობლივი ძალისხმევით ვაჟა გაფრინდაშვილს უმოკლეს პერიოდში გაათავისუფლებენ.

დღის ამბები