06 დეკემბერი 2019,   19:41
ვრცლად
პოლიტიკურ ჩიხში მყოფი ქვეყანა და რამდენიმე გამოსავალი - რომელ გზას აირჩევს ოპოზიცია 

მას შემდეგ, რაც პარლამენტმა 2020 წლისთვის პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტი ჩააგდო, ოპოზიციის წარმომადგენლებმა და ექსპერტებმა სიტუაციიდან გამოსავლის რამდენიმე გზა შემოგვთავაზეს.

კონსტიტუციონალისტ ვახტანგ ხმალაძის განცხადებით, კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის ორი მექანიზმი არსებობს და ორივეს შემთხვევაში, ამ მოცემულობით, უპირობოა, რომ პროპორციული არჩევნების კანონპროექტის მეორე მოსმენა უნდა გაიმართოს.

გარდა ამისა, არსებობს სხვა გამოსავალიც - ე.წ. გერმანული მოდელი, რომელსაც საკონსტიტუციო ცვლილება არ სჭირდება. სწორედ ეს "გერმანული მოდელია" დღეს ყველაზე აქტუალური, რომლითაც, შესაძლოა, მაჟორიტარების ამბიციებიც დაკმაყოფილდეს.

პოლიტიკური სიტუაციის ჩიხში შესვლის შემდეგ რამდენიმე გზაა, რომელთა საშუალებითაც შექმნილი კრიზისის დაძლევაა შესაძლებელი.

პირველი გზა გერმანულ მოდელზე გადასვლაა, რაც, კონსტიტუციონალისტების აზრით, უკეთესია, ვიდრე არსებული სისტემა, თუმცა ვერ სჯობს პროპორციულ სისტემას, რომელსაც "ქართული ოცნება" ხალხს დაჰპირდა. მოდელის უპირატესობა იმაშია, რომ იგი მაჟორიტარებისთვისაც მისაღები უნდა იყოს.

როგორც კონსტიტუციონალისტები აზუსტებენ, ოპოზიციის მოთხოვნა რიგგარეშე პროპორციული არჩევნების ჩატარების შესახებ ასევე არის ერთ-ერთი გამოსავალი, თუმცა ამას სჭირდება მაღალი პოლიტიკური ნება, რაც ხელისუფლებას არ აქვს. 

პირველი კონსტიტუციის თანაავტორ ვახტანგ ხმალაძის თქმით, გუშინ კანონპროექტი არ ჩავარდნილა.

ფართომასშტაბიანი აქციები მესამე სექტორს აიმედებს, რომ ხელისუფლება გონიერებას გამოიჩენს და პროექტის არსებული თუ სახეცვლილი ვარიანტის ინიცირებას ხელახლა მოახდენს, ეს მათი დიდი ნაწილისთვის უალტერნატივო გამოსავალია. თუმცა, გზების ძიებაში გამოჩნდა კიდევ ერთი გზა - რეგიონულ პროპორციულ სისტემაზე გადასვლა.

ექსპერტები არც ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს გამორიცხავენ, თუმცა, ამ შემთხვევაში მსჯელობა იმაზე წავა, ურჩევიათ ახლავე თუ ცოტა მოგვიანებით. ნებისმიერი განვითარების პირობებში, მათი თქმით, უახლესი ისტორიის გადაკითხვა არც ხელისუფლებას და არც, ოპოზიციას არ აწყენდათ.

როგორი ფინალიც არ უნდა ჰქონდეს დაწყებულ პროცესებს, კონსტიტუციონალისტები, არასამთავრობოები თუ ექსპერტები თანხმდებიან, რომ ახლა ქვეყნის მომავალზე პასუხისმგებლობა ყველა ჩართულ მხარეს ეკისრება და შესაძლო რისკები თითოეულმა მხარემ კარგად უნდა გაიაზროს.

 

დღის ამბები