06 დეკემბერი 2019,   09:05
ვრცლად
შესაძლებელია, თუმცა პოლიტიკურად მიუღწეველი, რომ პარლამენტმა კონსტიტუციის შეცვლა მოასწროს - კონსტიტუციონალისტების პროგნოზი

მოვლენების შესაძლო განვითარებაზე  პროგნოზებს კონსტიტუციონალისტები აკეთებენ. სპეციალისტები თვლიან, რომ საჭიროა დაიწყოს არსებული ხელისუფლების კოალიციური მთავრობით ჩანაცვლების შესახებ კონსულტაციები. კონსტიტუციონალისტების შეფასებით, საპარლამენტო უმრავლესობიდან წასული დეპუტატების რაოდენობა არაა იმდენი, რომ უმრავლესობა დაიშალოს. ასევე მთი თქმით, თუ რიგგარეშე არჩევნები გამოცხადდება, ის კანონის ცვლილების გარეშე კვლავ შერეული სისტემით გაიმართება.

საკონსტიტუციო სამართლის სპეციალისტი კოტე ჩოკორაია მიიჩნევს, რომ კონსტიტუციის შეცვლა და პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა დროის თვალსაზრისით შესაძლებელია, თუმცა პოლიტიკური თვალსაზრისით მიუღწეველი:

"შესაძლებელია დეპუტატების რაღაცა ნაწილი გულწრფელად ტოვებდეს  უმრავლესობას, თუმცა ის რაოდენობა ჯერჯერობით არ არის, რომ უმრავლესობა დაიშალოს. დროის თვალსაზრისით შესაძლებელია, რომ პარლამენტმა მოასწროს კონსტიტუციის შეცვლა,თუმცა პოლიტიკურად იქნება მიუღწეველი. ხელისუფლებას ალბათ ექნება ერთ-ერთი სცენარი რომ ვადამდელ არჩევნებზე წავიდეს," - განაცხადა კოტე ჩოკორაიამ.

ექსპერტი ზვიად ხორგუაშვილი პარლამენტის მუშაობის გაგრძელებას აყენებს ეჭვქვეშ, მისი თქმით, ოპოზიციამ შესაძლოა საპარლამენტო სხდომებს ბოიკოტი გამოუცხადონ. ხორგუაშვილი არსებულ წესით არჩევნების ჩატარებას აზრსმოკლებულად მიიჩნევს:

"თუ მოკლე ვადაში არ მოხდება გადაწყვეტილების შეცვლა, ცალსახაა რომ 2020 ის არჩევნები მთლიანად კარავს აზრს,"- აღნიშნა ხორგუაშვილმა.

საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის მთავარი სპეციალისტი ლევან ალაფიშვილი აუცილებლად მიიჩნევს არსებული მთავრობის კოალიციური მთავრობით ჩანაცვლებას:

"დაიწყოს კონსულტაციების არსებული მტავრობის კოალიციური მთავრობით ჩასანაცვლებლად, რომელშიც წარმოდგენილი იქნება როგორც საპარლამენტო ასევე არასაპარლამენტო პოლიტიკური ძალებიც,"- განაცხადა ალაფიშვილმა.

დღის ამბები