06 დეკემბერი 2019,   10:23
ვრცლად
შექმნილი კრიზისიდან ერთადერთი გამოსავალი ვადამდელი პროპორციული არჩევნებია - მესამე სექტორი

არასამთავრობო ორგანიზაციები შექმნილი კრიზისიდან ერთადერთ გამოსავლად ვადამდელ პროპორციულ არჩევნებს თვლიან. სამოქალაქო სექტორში აცხადებენ, რომ აუცილებელია საკონსტიტუციო ცვლილებების საკანონმდებლო ორგანოში ხელახლა ინიცირება, რასაც საბოლოო ჯამში დაახლოებით 3 თვე დასჭირდება. არასამთავრობო ორგანიზაციები "ქართული ოცნების" ნაბიჯს ქვეყნისთვის დემოკრატიული განვითარების პერსპექტივის წართმევად განიხილავენ.

"ხელახლა უნდა დაიწყოს პროცედურები დაახლოებით 3 თვე დასჭირდება ამას, იქამდე პოლიტიკური პასუხისმგებლობა უნდა აიღონ იმ დეპუტატებმა,რომლებმაც მხარი არ დაუჭირეს გადაწყვეტილებას - აცხადებს კონსტიტუციონალისტი, "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" დემოკრატიული ინსტიტუტების მხარდაჭერის პროგრამის დირექტორი ვახუშტი მენაბდე.

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის თანასწორობის პოლიტიკის პროგრამის დირექტორი თამთა მიქელაძე მიიჩნევს, რომ ვადამდელი, სრულად პროპორციული არჩევნების ჩატარება არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გზა, შექმნილი კრიზისის დასაძლევად:

"ვადამდელი, სრულად პროპორციული არჩევნების ჩატარება არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გზა, შექმნილი კრიზისის დასაძლევად მით უფრო რომ ვხედავთ, უმრავლესობაც ძალიან დასუსტებულია და თითქმის დაშლილი,"- აღნიშნა თამთა მიქელაძემ.

"სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების" აღმასრულებელი დირექტორი მიხეილ ბენიძე აცხადებს, რომ საპარლამენტო უმრავლესობამ და ხელისუფლებამ საზოგადოებას სერიოზული დემოკრატიული განვითარების პერსპექტივა მოუკლა:

"უმრავლესობამ და ხელისუფლებამ საზოგადოება მოატყუა და სერიოზული დემოკრატიული განვითარების პერსპექტივა მოუკლა. ხელახლა მოახდინონ ინიცირება და პოლიტიკური ნება და საშუალება გამოიძებნოს იმისა, რომ პროპორციულ არჩევნებზე გადავიდეს ქვეყანა ეს იქნებოდა ყველაზე ადეკვატური, კრიზისის განმუხტვის მიზნით, ივანიშვილის მხრიდან,"- აღნიშნა ბენიძემ.

შეგახსენებთ, გუშინ საქართველოს პარლამენტში პირველი მოსმენით კენჭისყრაზე ჩავარდა საკონსტიტუციო ცვლილების კანონპროექტი, რომელიც სრულად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას ითვალისწინებდა. ამ პროცესს პროტესტი მოჰყვა, როგორც ოპოზიციაში, ასევე უმრავლესობაშიც. იმის გამო, რომ მმართველმა გუნდმა, როგორც საკუთარი მოსახლეობისთვის, ასევე საერთაშორისო პარტნიორებთან დადებული პირობა ვერ შეასრულა, უმრავლესობის რიგები 9 დეპუტატმა დატოვა, რომელთა შორის არიან  მათ შორის არიან: თამარ ჩუგოშვილი, ირინა ფრუიძე, გიორგი მოსიძე, დიმიტრი ცქიტიშვილი, თამარ ხულორდავა, სოფიო ქაცარავა, მარიამ ჯაში, ზაზა ხუციშვილი და გიორგი ბეგაძე. ამ შედეგით პარლამენტის თავმჯდომარე პირველი მოადგილის, 3 საპარლამენტო კომიტეტი კი თავმჯდომარის გარეშე დარჩა.

დღის ამბები