06 დეკემბერი 2019,   00:18
ვრცლად
უმრავლესობა საკონსტიტუციო ცვლილებების პარლამენტში ხელახლა ინიცირებას არ აპირებს

უმრავლესობა საკონსტიტუციო ცვლილებების პარლამენტში ხელახლა ინიცირებას არ აპირებს. პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე პოლიტიკოსებს ურჩევს 2020 წლის არჩევნებისთვის მოემზადოს, რომელიც შერეული სისტემით გაიმართება.

რაც შეეხება გუნდიდან წასულ 9 დეპუტატს, "ქართულ ოცნებაში" მათ გადაწყვეტილებას პატივს სცემენ და ამბობენ, რომ ეს ცვლილება გუნდის დაშლას არ გამოიწვევს.

"ჩვენ ვემზადებით საპარლამენტო არჩევნებისთვის და დარწმუნებული ვართ, რომ ამ არჩევნებში მოვიპოვებთ დამაჯერებელ გამარჯვებას. აქედან გამომდინარე ჩვენ გვაქვს ჩვენი დღის წესრიგი, ჩვენ გვაქვს კომუნიკაცია საზოგადოებასთან.

რაც შეეხება უმრავლესობის ფუნქციონირებას, ამას პრობლემა როგორც ასეთი არ შეექმნება, თუმცა ჩვენი ამოცანა არის, რომ მაქსიმალურად ბევრ დეპუტატთან გვქონდეს კონსულტაციები იმისათვის, რომ შედგეს შეთანხმება ყველა საკითხთან დაკავშირებით," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ცხელ დაპირისპირებებს და დებატებს აანონსებს. გია ვოლსკის თქმით, ის ისურვებდა, რომ მოვემზადოთ სერიოზული პოლიტიკური დაპირისპირებისათვის, რასაც არჩევნები ჰქვია.

"ძალიან ცხელი დაპირისპირებები და დებატები იქნება, ვიფიქრებთ ქვეყანაზე და მე ვისურვებდი, რომ მოვემზადოთ სერიოზული პოლიტიკური დაპირისპირებისათვის, რასაც არჩევნები ჰქვია, ვინაიდან საკმაოდ ისეთი სერიოზული გაერთიანება არის პოლიტიკური და შევეჯიბროთ ერთმანეთს ვის უფრო აფასებს, რომელ გადაწყვეტილებას უფრო აფასებს ხალხი," - აცხადებს გია ვოლსკი.

დღის ამბები