08 დეკემბერი 2019,   12:28
ვრცლად
ისეთი ადამიანები გამოდიან მეამბოხეებად, რომელთაც საკუთარი ჩრდილისაც ეშინიათ - ოპოზიცია მაჟორიტარ დეპუტატებზე

პარლამენტში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ოპოზიცია ხელისუფლებას პოლიტიკურ მასკარადში ადანაშაულებს.  მათი განცხადებით, მთავრობა დადგმული სცენარით ცდილობს პროპორციულ სისტემაზე გადასვლას ხელი შეუშალოს.

"ეს არის ივანიშვილის მიერ დადგმული სპექტაკლი. ამუშავებს საკუთარ ჩუმ აგენტურას. ისეთი ხალხი აქტიურობს, რომლესაც საერთოდ ხმა არ ამოუღია და ზოგს საკუთარი ჩრდილისაც ეშინია. ეს ადამიანები დღეს გამოდიან ყველაზე დიდ მეამბოხეებად," - განაცხადა "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა რომან გოცირიძემ

როგორც ოპოზიციაში ამბობენ, კანონპროექტის ჩავარდნის შემთხვევაში, "ქართულ ოცნებას" ამისთვის პოლიტიკური საფასურის გადახდა მოუწევს.

"ან ივანიშვილს დაკარგული აქვს ავტორიტეტი საკუთარ პარტიაში ან მართლაც რაღაც სპექტაკლთან გვაქვს საქმე. თუ კიდევ გადააგდო საზოგადოება, ეს მას ძალიან ძვირი დაუჯდება და ეს არის საზოგადოების მოთმინების გამოცდა და ცეცხლთან თამაში. არცერთ ხელისუფლებას არ გასვლია ხალხთან დაპირისპირება," - აღნიშნა "ევროპული საქართველოს" წევრმა ოთარ კახიძემ.

"თუკი ხელისუფლებას საზოგადოების აზრი მეტნაკლებასდ მაინც მიაჩნია ანგარიშგასაწევად,  მაშინ ეს კანონპროექტი არ უნდა ჩავარდეს. თუ ეს კანონპროექტი ჩავარდება, დარწმუნებული ვარ ივანიშვილი კარგად ხვდება, რომ შესაძლებელია ქაოსი მართვადი ვეღარ გახდეს და პროცესები  ძალიან სერიოზულ დაპირისპირებაში გადაიზარდოს," - განაცხადა პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა ზვიად კვაჭანტირაძემ.

მმართველი გუნდის განმარტებით კი დეპუტატების ნაწილს ახალ სისტემასთან დაკავშირებით განსხვავებული დამოკიდებულება თავიდანვე ჰქონდა.

დღის ამბები